თერთმეტი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ბოიკოტს უცხადებს ოქტომბერში მოსალოდნელ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს იმის გამო, რომ არსებულ ‘ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემოში“ აზრი არ აქვს მონაწილეობას და ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის გატარებისკენ, კერძოდ კი მაჟორიტარული სისტემის „უმოკლეს ვადებში“ გაუქმებისკენ მოუწოდებს.
შუალედური არჩევნები ოქტომბერში მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარდება პარლამენტში ამ ოლქებიდან გამოკლებული მაჟორიტარების ადგილების შესავსებად. ცესკომ არჩევნების თარიღი სულ ცოტა 2 თვით ადრე უნდა დანიშნოს.
შუალედური არჩევნებს ბოიკოტს შემდეგი პარტიები უერთდებიან: ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა; ლეიბორისტული პარტია; ახალი მემარჯვენეები; თავისუფალი საქართველო; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ევროპელი დემოკრატები; ტრადიციონალისტთა კავშირი; რეფორმატორები; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის; ქრისტიან-დემოკრატიული პარტია; და ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა.
ისინი ასევე მოუწოდებენ ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას, რათა გაიზიარონ საარჩევნო რეფორმისკენ ხელისუფლების მიმართ მათი მოწოდება.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღდგენილ იქნეს ინტერპარტიული ჯგუფის ტრადიციული, დემოკრატიული ფორმატი: საარჩევნო კოდექსის განხილვაზე მოწვეულ იქნეს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი პარტია, პროცესის მოდელირება განახორციელოს რომელიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და უმოკლეს ვადებში მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“, – ნათქვამია 11 პარტიის მიერ 20 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ბოიკოტში მონაწილე ოპოზიციური პარტიები მმართველ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან არ შეასრულა ის დაპირება, რომელსაც "ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის" გატარების თაობაზე ოპოზიციაში ყოფნის დროს გასცემდა.
ოპოზიციაში ყოფნის დროს ზოგიერთი პარტია, რომლებიც ახლა მმართველ კოალიციაში შედიან, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, კონსერვატიული პარტია და ეროვნული ფორუმი, საარჩევნო სისტემის იგივე რეფორმას ითხოვდა, რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს.
„სამწუხაროდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა საკუთარი პროექტი და ბოლომდე უგულებელყო მისი პრინციპები“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, „2015 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვა ქვეყნის ყველა ოპოზიციური (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ“.
„რეალურად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მივიღეთ არა საარჩევნო რეფორმა, არამედ კიდევ უფრო ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო“, – აცხადებენ ბოიკოტში მონაწილე პარტიები.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები მიესალმნენ ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას. "თავისუფალმა დემოკრატებმა" განაცხადეს, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას ისინი ისედაც არ გეგმავდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ კი განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას კონსულტაციების გზით შეაჯერებენ.
ბოლო თვეების განმალობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 2016 წლის არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ქართული ოცნება თანახმაა, რომ მხარი დაუჭიროს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ამ კომპონენტს იმ არჩევნებისთვის გააუქმებს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლისთვის გაიმართება, თუ მანამდე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნა.
კოალიცია ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ რეფორმის თაობაზე საკუთარი ინიციატივა ივნისის დასაწყისში წარმოადგინა და ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული სისტემის შენარჩუნებას გულისხმობს, რომლის დროსაც 150–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება.
თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ ამჟამად არსებული დისბალანსი და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. არსებული წესით, გამარჯვებულად ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხადდება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა.
ქართული ოცნების ინიციატივა ასევე ითვალისწინებს დღეს არსებული ერთმანდატიანი ოლქების რეფორმირებას საარჩევნო ოლქებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
მმართველი კოალიციის მიერ წარდგენილ ამ წინადადებებს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კანონპროექტის სახე არ მიუღია.