საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის „აგრესიულ და პროვოკაციულ“ ქმედებას ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების შეყვანის თაობაზე, ამ „უკანონო საქმიანობის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას მორიგი რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბულგაკოვმა 22 აგვისტოს, „რია ნოვოსტის“ თანახმად, განაცხადა, რომ სოხუმის თხოვნით, მოსკოვმა ივლისის ბოლოს სარკინიგზო ძალების დაახლოებით 500 ჯარისკაცი და 50 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა გაგზავნა სეპარატისტულ აფხაზეთში, რკინიგზის ოჩამჩირე-ენგურის დაახლოებით 33-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. ამ სარკინიგზო მონაკვეთის მესამედი, რომელიც 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ არ ფუნქციონირებს, ბულგაკოვის ინფორმაციით, უკვე შემოწმდა ასაფეთქებლების არსებობის კუთხით და ასევე გაიწმინდა მცენარეებისგან. მისივე ინფორმაციით, ჯარები მას შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებში, რაც აღდგენით სამუშაოებს სავარაუდოდ დეკემბრისთვის დაასრულებენ.
„ყველა სამუშაო წარმოებს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და რესპუბლიკის შიგნით სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც გაიხსენა 2008 წელი, როცა აგვისტოს ომამდე მოსკოვმა ასევე შეიყვანა თავისი სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში რკინიგზის აღსადგენად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს“.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთისგან საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.
„ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო აქტივობები შეიძლება თბილისსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემას უკავშირდებოდეს.
„არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს 24 აგვისტოს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებს საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დაუპირისპიროს საერთაშორისო მობილიზაცია და დიპლომატიური ძალისხმევა.
„რკინიგზა ეს ისეთი ტიპის მოვლენაა, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ფუნქციით გამოიყენო… მთავარია საქართველოს ხელისუფლება იყოს სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ ხელოვნურად გავლებულ ბარიერებს აქეთ არ მოხდეს ამის არანაირი გადმოსვლა“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა: „ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას, შემდეგ ჩვენი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)