Site icon Civil.ge

ღარიბაშვილის თქმით, ‘ფუნდამენტალური პრობლემები’ არ არის და ლარის მიმდინარე გაუფასურება ‘აჟიოტაჟის’ ბრალია

ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელი გაუფასურება იმ „აჟიოტაჟის“ შედეგია, რომელსაც „უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და ექსპერტების“ განცხადებები იწვევს ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების მოლოდინების შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე.

ლარმა თავისი ღირებულების 1.3% დაკარგა ორშაბათს, დაეცა რა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.364-მდე აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ერთი დღის განმავლობაში, მარტის შემდეგ, ყველაზე მკვეთრი გაუფასურება იყო. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ორშაბათს საღამოს დოლარს უკვე დაახლოებით 2.4 ლარად ყიდდნენ,  მანამდე არსებული 2.34-2.35-ის ნაცვლად. ლარმა გაუფასურება სამშაბათსაც განაგრძო  – აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დღისით 2.43-2.44 კურსით იყიდებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს დილით მთავრობის სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები მიუთითებს, რომ  „ეკონომიკური გარე შოკები“, რამაც ზეწოლა მოახდინა ლარის კურსზე, მათ შორის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების კლების სახით, არის „აბსოლუტურად დაბალანსებული“, ასევე იმპორტის მოცულობის კლების გამოც. მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის მიმდინარე გაუფასურება "სპეკულაციური ტრანზაქციებითა" და შექმნილი "აჟიოტაჟით" არის გამოწვეული.

„ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის ბაზრის მოთამაშეები, ვინც აჟიოტაჟურ ქცევებში ჩაერთვებიან და მიიღებენ სპეკულაციურ ტრანზაქციებში მონაწილეობას, ეს იქნება დროებითი და აუცილებლად წაგებულნი დარჩებიან, საბოლოო ჯამში“, –  განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრის გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი, ეს არის ემოციური, ფსიქოლოგიური ფაქტორი. მე მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ ამ ფსიქოლოგიურ, ემოციურ აჟიოტაჟს არ აყვნენ“.

„მთავარია ჩვენ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება… შესაბამისად, არავითარი ფუნდამენტალური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, დავასკვნათ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამოკვეთილი აჟიოტაჟი და ემოციური ნაწილი, რომელიც უნდა მოიხსნას – ეს მოიხსნება აუცილებლად, ადრე თუ გვიან.  ჩვენი ვარაუდით და ასევე მე ვიცი, რომ ეროვნული ბანკის ვარაუდიც ასეთივე არის, ეს მალე გადაივლის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ვართ მზად, რომ ვითანამშრომლოთ მჭიდროდ და კოორდინაციაში ვიყოთ ეროვნულ ბანკთან… მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. განსაკუთრებით ნუ აყვება მოსახლეობა და ბიზნესმენები მედია საშუალებებს, მათ მიერ შექმნილ ამ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს და განცხადებებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისგან და ეროვნული ბანკისგან და გთხოვთ დაეყრდენით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, – განაცხადა მან, „მე მოვისმინე რამდენიმე დღის წინ ექსპერტები, რომლებიც თითქოს აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დარგში არიან ექსპერტები, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდება – ეს არასერიოზულია, მეგობრებო. ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს არის საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის“.

2015 წლის ივლისში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით შემცირდა 186.9 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტმა 15.8%-ით დაიკლო 662 მლნ აშშ დოლარამდე; ამავე პერიოდში სავაჭრო დეფიციტი, შარშანდელთან შედარებით, 12.1%-ით შემცირდა 475.1 მლნ აშშ დოლარამდე.   

პირველ შვიდ თვეში ექსპორტი 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.8%-ით შემცირდა 1.26 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი  – 10.6%-ით 4.3 მლრდ აშშ დოლარამდე და სავაჭრო დეფიციტმა 3.6%-იანი კლების შედეგად 3.04 მლრდ ლარი შეადგინა. თუ საერთო მაჩვენებელს გამოვაკლებთ იმპორტში აღრიცხულ იმ 232.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს, რომელსაც ქვეყანა C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ იღებს, მაშინ 2015 წლის პირველ შვიდ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტის 15.4%-იან კლებას ექნება ადგილი.

ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 31.8%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 93.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 632 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 24.2%-ით ნაკლებია შარშან ამავე პერიოდში მიღებულ თანხებზე.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 110 მლნ ლარი იქნა მოზიდული; ეს მონაცემი გაცილებით ჩამორჩება მთავრობის მიერ თავდაპირველად პროგნოზირებულ 300-350 მლნ აშშ დოლარს. თებერვალში მთავრობამ განაცხადა, რომ მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში გეგმავდა პრივატიზაციის პროცესის გააქტიურებას სულ ცოტა 300 მლნ აშშ დოლარის შემოსავლის მისაღებად, რათა ხელი შეეწყო ლარის დასტაბილურებისთვის. მაშინ ეროვნულ ვალუტას თავისი ღირებულების 29% ჰქონდა დაკარგული აშშ დოლართან მიმართებაში მას შემდეგ, რაც ნოემბერში ლარმა გაუფასურება დაიწყო.

მარტში, ლარის შემდგომი გაუფასურების ფონზე, მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ განიხილებოდა გეგმები რეინვესტიციის შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმების თაობაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდას შეუწყობდა ხელს. თუმცა ამ გეგმას ჯერ-ჯერობით ხორცი არ შეუსხამს და არც შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაა წარმოდგენილი.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ კონკრეტული გეგმის წარმოდგენის ნაცვლად იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს ლარის გაუფასურება და დაიძლიოს ეკონომიკური პრობლემები, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შექმნილი ვითარება „ემოციურ-ფსიქოლოგიურ აჟიოტაჟს“ დააბრალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)