ბრაზილიის ორი მოქალაქე დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 კილოგრამამდე კოკაინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს.
ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე, შსს-მ განაცხადა, რომ „ნარკოტრანზიტის ახალი მარშრუტის“ გამოვლენის შედეგად 5.2 კგ კოკაინი ამოიღო ბრაზილიის ორი მოქალაქის, ერთი ეკვადორელის და სამხრეთ აფრიკის ერთი მოქალაქის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავების შედეგად.
კიდევ ერთ შემთხვევას დაახლოებით ერთი თვის წინ სარფის საბაჟო პუნქტზე ჰქონდა ადგილი, როცა შსს-ის ცნობით, სამართალდამცავებმა 7.3 კგ კოკაინის საქართველოდან თურქეთში გადატანის დროს ლიბანის მოქალაქე დააკავეს.
შსს-მ იანვარში განაცხადა, რომ 6.2 კგ კოკაინით ბულგარეთის სამი მოქალაქე იქნა დაკავებული, როცა ისინი ამ ნარკოტიკული საშუალებების სომხეთიდან საქართველოში შემოტანას ცდილობდნენ.
ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშის თანახმად, საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი ნარკოტრანზიტის მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან აზერბაიჯანის ან სომხეთის გავლით საქართველოზე გადის, საიდანაც დანიშნულების შემდგომი ადგილები აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი და რუსეთია“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც გასული წლის მოვლენებს მიმოიხილავს, ხაზს უსვამს 2014 წლის ივლისში ქართველი სამართალდამცავების მიერ 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ბათუმის პორტის სიახლოვეს ამოღების ფაქტს და ამბობს, რომ ეს „სახმელეთო ტრანზიტისას ამოღებული ყველაზე დიდი ჰეროინის პარტია იყო ისტორიაში“.