Site icon Civil.ge

ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამის შესამუშავებლად ‘დამოუკიდებელი ექსპერტების’ ვაკანსიას აცხადებს

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც მმართველი კოალიციის წამყვანი პარტიაა, ვაკანსიას აცხადებს 60 „დამოუკიდებელი ექსპერტის“ დასაქირავებლად, რომლებიც მას საარჩევნო პროგრამის ნაწილის შემუშავებაში დაეხმარებიან მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

განცხადება, რომელიც პარტიამ ვებგვერდზე jobs.ge 26 აგვისტოს განათავსა, აპლიკანტებისგან მოითხოვს „საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების სიღრმისეულ ცოდნას და ობიექტური ანალიზის უნარს“; ისინი ასევე უნდა იზიარებდნენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა „ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების ხელშეუხებლობა, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, სოციალური სოლიდარობა, საქართველოს დასავლური კურსის უცვლელობა“.

ამასთან, განცხადების თანახმად, აპლიკანტები არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი ან ასოცირებულნი რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან.

პარტია ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ განაცხადა, რომ დაქირავებულმა ექსპერტებმა წინასაარჩევნო პროგრამის პროექტის „დიაგნოსტიკურ ნაწილში“ უნდა ასახონ „სიტუაციის სიღრმისეული და ობიექტური ანალიზი“ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მდგომარეობისა და „2012-2015 წლებში განხორციელებული ცვლილებების“ შეფასების კუთხით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)