ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის და ბორჯომის რაიონებში მცხოვრებმა 30 ადგილობრივმა სამხარეო პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, განაცხადა შსს-მ შაბათს.
სამინისტროს ინფორმაციით, ნებაყოფლობით წარდგენილ იქნა სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 8 041 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 18 ჭურვი, სხვადასხვა სახის 77 ხელყუმბარა, სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი, 8 გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“, 400 გრ ტროტილი, 25 ამფეთქი ფალია, 4 საკვამლე კოჭა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის 9 ამფეთქი და 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.
ეს ამ წელიწადში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებთა მიერ იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების მეოთხე შემთხვევაა. წინა სამ შემთხვევაში, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა ტიპის 13 063 ტყვია, 254 ხელყუმბარა, 22 ნაღმი, 1.5 კგ ტროტილი; 20-ზე მეტი გადაჭრილი თოფი და ყუმბარმტყორცნის 17 ჭურვი ჩაბარდა პოლიციას.
ასევე, გასული წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარების ოთხი შემთხვევა გაასაჯაროვა.