Site icon Civil.ge

შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მარტვილსა და საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქებში 31 ოქტომბერს, შაბათისთვის დანიშნა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება 31 აგვისტოს, არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე მიიღო.

მარტვილში შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნაული ჯანაშია გარდაიცვალა მარტში; ხოლო საგარეჯოში მაჟორიტარის ვაკანსია ყოფილი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ განაპირობა მაისში.

ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართული ოცნების მმართველმა კოალიციამ თავისი კანდიდატები წარადგინა: მარტვილში  – სოსო დანელია; საგარეჯოში – თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

ხიდაშელს საგარეჯოში უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდება.

„პატრიოტთა ალიანსისგან“ განსხვავებით, შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 13 ოპოზიციური პარტია, მათ შორის საპარლამენტო პარტიები  – ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები.

თუმცა, პარტიული კანდიდატების გარდა, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებსაც.

საგარეჯოს ერთმანდატიან ოლქში, ცესკოს მონაცემებით, 46 011 ამომრჩეველი, ხოლო მარტვილში 33 465 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

პარლამენტის შუალედური არჩევნების პარალელურად, ცესკომ 31 აგვისტოს ასევე დანიშნა საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს  ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. ოთხივე შემთხვევაში არჩევნების დანიშვნა საკრებულოს მაჟორიტართა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამ განაპირობა.