Site icon Civil.ge

ინფლაციამ აგვისტოში 5.4%-ს, ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს – 5.4%-ს მიაღწია, ივლისში არსებული 4.9%-დან, განაცხადა „საქსტატმა“  3 სექტემბერს.

ინფლაცია ძირითადად განაპირობა ფასების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტზე (13.7%); ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლის საშუალებებზე  (9.3%); ჯანმრთელობის დაცვასა (9.1%) და სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (6.3%). 

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, აგვისტოში ფასები ხილზე, ბოსტნეულსა და ზეთზე, შესაბამისად,  48.3%, 14.9% და 12%-ით გაიზარდა; პურსა და პურპროდუქტებზე კი ფასებმა 3.6%-ით მოიმატა.

აგვისტოში ასევე 6.1%-ით გაძვირდა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფი, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის ჯგუფზე კი ფასებმა 5%-ით მოიმატა შარშან აგვისტოსთან შედარებით. 

ტრანსპორტის ჯგუფი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელზეც აგვისტოში ფასებმა 1.6%-ით იკლო.

„საქსტატის“ თანახმად, წინა თვესთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 1%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, მას შემდეგ, რაც წლიური ინფლაცია ივლისში ოფიციალურ სამიზნე მაჩვენებელს – 5%-ს მიუახლოვდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 6%–მდე გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ ის შემდგომშიც გაამკაცრებს თავის მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსების განაკვეთი წლის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, 6.5%–ის ფარგლებში იქნება.