Site icon Civil.ge

თავდაცვის სამინისტრო სუიციდის შემთხვევების პრევენციისთვის პოლიტიკას ამკაცრებს

თავდაცვის სამინისტრო მის სისტემაში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკას ამკაცრებს და აფრთხილებს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულობა, ნარკოტიკებთან კავშირი და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალე უწყების სამოქალაქო და სამხედრო პირებს პირველივე ასეთი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდებათ.

3 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ სტატისტიკის თანახმად, ჯარში თვითმკვლელობის შემთხვევების უმეტესობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და ამ მიზეზით დაგროვილ ვალებს უკავშირდება. ბოლო შემთხვევას ნორიოს საწვრთნელ ცენტრთან 1 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, როცა ჯარისკაცმა საშტატო იარაღიდან გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ხიდაშელის თქმით, მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, თავდაცვის უწყება, როგორც აზარტულ თამაშებთან, ისე ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული მისი თანამშრომლების მიმართ „რადიკალურად“ შეცვლის პოლიტიკას და „უკომპრომისო“ იქნება.

„ყველამ მინდა იცოდეს, რომ არავითარი კომპრომისი და დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება იმის გამო, რომ ადამიანს მანამდე კარგი წარსული აქვს ან რომელიმე ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა“, – განაცხადა ხიდაშელმა, „ყველა წინა დამსახურებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჯარში ასეთი  შემთხვევები არსებობდეს, ამის გამო ადამიანები იღუპებოდნენ და ამის გამო შეიარაღებული ძალების პრესტიჟს და პატივისცემას საფრთხე ექმნებოდეს“. 

მან ასევე გააფრთხილა, რომ გადაცდომების გამოვლენა რთული არ იქნება, ვინაიდან სამხედრო პოლიციას ძალიან კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს გაწერილი, რათა ასეთი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.

„ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან ამ ტიპის გადაცდომისთვის სამხედრო ნაწილიდან გაშვებული, ვერ დაბრუნდებიან სამხედრო სამსახურში“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ზომების გამკაცრებასთან ერთად,  თავდაცვის სამინისტრო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის  გახსნასაც გეგმავს, რათა ცნობიერების ამაღლების მიზნით თავდაცვის სისტემის თანამშრომლებს საჭირო კონსულტაციები გაუწიოს.