Site icon Civil.ge

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საქართველოსთან პარტნიორობას

საქართველოს შეუძლია ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, მათ შორის მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტის კონტექსტში, განაცხადა თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ.

ბრენდემ, რომელიც საქართველოს 4 სექტემბერს სტუმრობდა, შეხვედრები გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან; პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან; თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან; საქართველოს ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ის ასევე სტუმრობდა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2-3 სექტემბერს კოპენჰაგენში ნორდიკული  (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია) და ბალტიის ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, რომელშიც თავადაც იღებდა მონაწილეობას, აღინიშნა საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის „უდიდესი მნიშვნელობა“.

„თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეს – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების, მომავალი წლის ვარშავის სამიტის კუთხითაც“, – განაცხადა მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები ასევე მხარს დაუჭერენ ნატოს-საქართველოს კომისიის გაძლიერებას.

მან ნატოს-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს „ძლიერ სიგნალს აგზავნის“. ნატო-ს ექვსი ოფიცერიდან ერთ-ერთი, რომლებიც ამ ცენტრს რვა ქართველ სამხედრო ოფიცერთან ერთად უძღვება, ნორვეგიელია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულებას  მოაწერეს ხელი.

მინისტრმა ბრენდემ განაცხადა, რომ ნორვეგიას და საქართველოს „დიდი თანამშრომლობა და პარტნიორობა“ აკავშირებთ.

„ჩვენ უკვე წლებია საქართველოსთან პარტნიორობას ვზრდით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა მან.

„საქართველოს თუ შეხედავ ამ რეგიონში, ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავია ის, რასაც თქვენ მიაღწიეთ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მხრივ… მე იმას არ ვამბობ, რომ შემდგომი რეფორმები აღარ არის გასატარებელი“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)