Site icon Civil.ge

ქართული ოცნების ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემის ძირეულ შეცვლას 2016 წლის შემდეგ ითვალისწინებს

პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქართული ოცნების 81 დეპუტატის ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებების თაობაზე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონპროექტი არსებული საარჩევნო ბარიერის 5-დან 4%-მდე შემცირებასაც მოიცავს. კერძოდ, საპარლამენტო მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს მიეკუთვნებათ, რომლებიც ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც მიიღებენ.

ბარიერგადალახული პარტიები კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, ყოველ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გაინაწილებენ 150 ადგილს პარლამენტში.

ადგილების გადანაწილების კონკრეტულ წესს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს სამომავლოდ, რომელშიც კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „შენარჩუნებული იქნება ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი, რაც მნიშვნელოვანწილად პასუხს გასცემს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებულ კითხვებს“.

ეს ახალი წესი და შეცვლილი სისტემა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე არ გავრცელდება, ვინაიდან მისი ამოქმედება 2016 წელს არჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღიდან არის კანონპროექტით გათვალისწინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი წესი არა შემდეგ, არამედ იმის მომდევნო არჩევნებზე ამოქმედდება, რაც გეგმიურად 2020 წელს უწევს, თუ მანამდე რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდა.

ამავე კანონპროექტში ასევე ნათლად წერია, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 150-წევრიანი პარლამენტი კვლავ შერეული სისტემით აირჩევა, რომლის თანახმადაც, 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო დანარჩენ 73 ადგილს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩეული დეპუტატები დაიკავებენ.

ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომლებიც მოქმედ სისტემას მხოლოდ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელს და უსამართლოს უწოდებენ, ვინაიდან მათი თქმით, ის ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმების მანდატებში ზუსტ ასახვას, რამდენიმე თვეა აქტიურად მოითხოვენ, რომ შერეული სისტემა პროპორციულმა უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის ჩაანაცვლოს.

შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ალტერნატივა იქნება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები 200 000 ხელმოწერის შეგროვების საფუძველზე გეგმავენ.

„ჩვენ გვინდა მათ [ხელისუფლებას] გავაგონოთ ჩვენი მოსახლეობის ხმა, რომლებიც ჩვენთან ერთად მოითხოვენ ამ უვარგისი სისტემის შეცვლას“, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით 8 სექტემბერს გამართული ოპოზიციური შეკრების შემდეგ. 

თუმცა ვიდრე ხელმოწერების შეგროვების პროცედურა დაიწყება, რასაც საინიციატივო ჯგუფის მიმართვის შემდეგ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თანხმობა სჭირდება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში პარლამენტი უკვე შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ერთთვიანი განხილვის პროცედურის დასაწყებად, რაც კონსტიტუციის გადასინჯვის რთული პროცედურის ერთ-ერთი საწყისი საფეხურია.

პროცედურის შემდგომი ეტაპები მოიცავს ცვლილებების სამი მოსმენით განხილვას და სულ ცოტა 113 ხმით მიღებას. კონსტიტუციური კანონპროექტი მიღებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას ორი მოსმენით კენჭს უყრის ერთი სესიის ფარგლებში, ხოლო მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს მომდევნო სესიაზე, მისი მეორე მოსმენით მიღებიდან სამი თვის თავზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ „ძალიან მცირეა პერსპექტივა“ იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ინიციატივას მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმების თაობაზე.

მეორეს მხრივ, ვერც 86-წევრიანი ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეძლებს თავისი ინიციატივის გატანას, თუ მას ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა არ ექნება და საჭირო 113 ხმას ვერ მოაგროვებს.

ქართული ოცნება მისი 81 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებული ცვლილებების განმარტებით ბარათში მიანიშნებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება ნაადრევია, რადგან ეს  "პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის მაღალ ხარისხს მოითხოვს".

„კოალიციის გადაწყვეტილება ეფუძნება რწმენას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა უახლოეს წლებში მიაღწევს განვითარების იმ ხარისხს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეების (შედარებით სუსტი კავშირი დეპუტატებსა და ამომრჩეველს შორის, მყარი საპარლამენტო უმრავლესობის ვერჩამოყალიბების რისკი და სხვ.) პრევენციისთვის არის აუცილებელი“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ვიდრე სისტემა ძირეულად შეიცვლება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თამაშის წესების დასადგენად მას განზრახული აქვს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. 

დაგეგმილი ინიციატივის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვლება ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით არსებული დისბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ოლქების გაერთიანების ან პირიქით, დაყოფის ხარჯზე მეტ-ნაკლებად თანაბარი, ახალი 73 ოლქი ჩამოყალიბდება.

ასევე იგეგმება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის შემოღება და არსებული წესის შეცვლა, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულად ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხადდება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა.

საარჩევნო კოდექსში დაპირებული ცვლილებების ოფიციალური ინიცირება ქართულ ოცნებას ჯერ არ მოუხდენია.