საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში გამგზავრებამდე 8 სექტემბერს ბიშკეკში ჩავიდა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერლან აბდილდაევს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა „საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს“.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთს 9–13 სექტემბერს ეწვევა და ქალაქ დალიანში „ზაფხულის დავოსის“ სახელწოდებით ცნობილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას; იგი პეკინში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან ლი კეციანთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და პარლამენტის ვიცე–სპიკერი გუბაზ სანიკიძე.