გურჯაანში პოლიციასა და ათობით კახელ მევენახეს შორის, რომლებიც ყურძენზე დაბალ ფასებს აპროტესტებდნენ, ხანმოკლე შეხლა–შემოხლა მოხდა მას შემდეგ, რაც მევენახეებმა 11 სექტემბერს ქალაქში გზის გადაკეტვა სცადეს.
პოლიციამ სულ ცოტა სამი ადამიანი დააკავა.
ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებას ყურძნის ფასის დაახლოებით 40–55%–ით კლება მოყვა შარშანდელთან შედარებით, როცა 1 კილოგრამი ყურძნის ფასი ხარისხიდან და ჯიშიდან გამომდინარე 1 ლარიდან 1.9 ლარამდე მერყეობდა.
ბოლო რამდენიმე დღეა გურჯაანელი მევენახეები საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებისგან სუბსიდირების გაზრდას ითხოვენ იმ მოტივით, რომ არსებული ფასები ხარჯებს ვერ ფარავს.
შარშანდელის მსგავსად მთავრობა კვლავ ახორციელებს ყურძნის ფასების სუბსიდირებას და 35 თეთრს უმატებს კილოგრამ თეთრ ყურძენზე ღვინის კომპანიების და ქარხნების მიერ გადასახდელ თანხას. კახეთში 1 კგ შავი ყურძნის სუბსიდირება 15 თეთრს შეადგენს.
10 სექტემბერს გურჯაანში გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ მთავრობა თავდაპირველად ყურძნის ფასის სუბსიდირების სისტემის გაუქმებას აპირებდა, თუმცა ღვინის ექსპორტის შემცირების გათვალისწინებით, მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
2015 წლის პირველ რვა თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 45.7%–ით შემცირდა და 19.8 მილიონი 0.75-ლიტრიანი ბოთლი შეადგინა; 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 36.5 მილიონს შეადგენდა.
ეს კლება რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის მკვეთრი ვარდნითაა გამოწვეული, რაც 2015 წლის იანვარ–აგვისტოში 58%–ით და 63%–ით შემცირდა, შესაბამისად.
2015 წლის პირველ რვა თვეში ქართული ღვინის ექსპორტი მის სხვა ძირითად ბაზრებზე გაიზარდა.
მიუხედავად მკვეთრი კლებისა, რუსეთი ქართული ღვინისთვის კვლავ უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად რჩება, სადაც 2015 წლის იანვარ–აგვისტოში 10.1 მილიონი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა; შემდეგ მოდის ყაზახეთი – 2.9 მილიონი ბოთლი; უკრაინა – 1.73 მილიონი ბოთლი; ჩინეთი – 1.18 მილიონი ბოთლი და პოლონეთი – 1 მილიონ ბოთლზე ოდნავ მეტი.
დანელიამ ასევე განაცხადა 10 სექტემბერს, რომ მთავრობა არ გაზრდის ყურძნის ფასის სუბსიდირებას და დასძინა, რომ ეს სისტემა თავისთავად სადავოა, ვინაიდან „საზოგადოების გარკვეული ნაწილი სუბსიდირების წინააღმდეგი იყო“. მან ასევე განაცხადა, რომ „სახელმწიფო ჩაიბრებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს“. დანელიას თქმით, „თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი იქნება 60 თეთრი და შავი ყურძნის შემთხევაში, საფერავზეა საუბარი, 85 თეთრი“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მთავრობა არ აპირებს სუბსიდირების გაზრდას, 11 სექტემბერს გურჯაანში მორიგი საპროტესტო აქცია მოყვა.
დღესვე კახელი გლეხები ოპოზიციონერი დეპუტატების ხელშეწყობით თბილისში ჩამოვიდნენ და აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრნენ. ოპოზიციონერებიც სახელმწიფო სუბსიდირების გაზრდას ითხოვდნენ.
„თქვენი პოლიტიკური ძალა ჩადიოდა კახეთში და ეუბნებოდა, რომ 1 ლარზე ნაკლები ყურძნის ფასი აღარასოდეს არ იქნებოდა. ამ ხალხს ეს ამბავი ახსოვს. ახლა მოვიდნენ და გეკითხებიან, შეასრულებთ თუ არა იმ დაპირებას, რომელიც თქვენ გაეცით“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა სხდომაზე.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში ცალკე სხდომა დაიგეგმება, სადაც ეს საკითხი დეტალურად იქნება განხილული.