საკონსტიტუციო სასამართლოს სამშაბათს უნდა გამოეტანა განაჩენი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიერ შეტანილ სარჩელზე, რომელიც 9–თვიანი პატიმრობის ვადას ეხება, თუმცა ახლადარჩეული მოსამართლის არყოფნის გამო ამის გადადება მოუხდა.
თბილისის ყოფილმა მერმა, რომელიც უკვე 14 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლოს აპრილში მიმართა და კანონის იმ მუხლების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც, მისი თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9–თვიან ვადას ეწინააღმდეგება.
კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.
როდესაც რამდენიმე საქმეში ბრალდებულ უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა იწურებოდა, პროკურატურამ მას 2015 წლის მარტში ბრალი დაუმძიმა, რათა ის პატიმრობაში დაეტოვებინა. ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და რომლის წინასწარი პატიმრობაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას განაჩენს გამოუტანდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა 15 სექტემბერს დღის პირველ ნახევარში, რომ თავის განაჩენს 17:00 საათზე გამოაცხადებდა.
თუმცა საღამოს გავრცელებულ განცხადებაში სასამართლომ განაცხადა, რომ „გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის დროისთვის, საქმის განხილვაში მონაწილე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთი, მოსამართლე მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში“.
ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლის მარტში გახდა; ის ამ თანამდებობაზე კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებმა წარადგინეს და პარლამენტმა დაამტკიცა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი მხოლოდ მაშინ გამოცხადდება, რაც მას საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლე მოაწერს ხელს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მოსამართლეს არ აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას იმის მიუხედავად, თუ რა პოზიცია უკავია მას კენჭისყრის პროცესში.
უგულავას სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების ახალი ვადა ჯერჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)