Site icon Civil.ge

წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება კვლავ შეფერხდა

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მისმა მოსამართლე მერაბ ტურავამ უკვე მეორედ განაცხადა 16 სექტემბერს უარი ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელს ეხება  წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით.

ამდენად, გადაწყვეტილების გამოცხადება კიდევ ერთხელ შეფერხდა მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს დაანონსებული ეს პროცესი მოსამართლე ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ მოტივით გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილა, 16 სექტემბერს სამედიცინო კლინიკაში ტურავას მისი ხელმოწერის მოსაპოვებლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სასამართლოს სრულ შემადგენლობასთან ერთად მიაკითხა, თუმცა მან გადაწყვეტილებას ხელი მაინც არ მოაწერა, რის გამოც, სასამართლოს ინფორმაციით, ტურავას ქმედებები შესასწავლად გადაეცა  საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას, რომლის დასკვნაც შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცემა.

მერაბ ტურავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, რომ ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 50-გვერდიან საბოლოო ვერსიას, რომელიც 15 სექტემბერს მიიღო ელექტრონული ფოსტით, არ გაცნობია, რადგან „მაღალი წნევა“ ჰქონდა.   

„მე შემეძლო ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე, ის რომ წაკითხული მქონოდა“, – განაცხადა ტურავამ სატელეფონო საუბარში, „ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით, როცა ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვაცხადოთო  – ეს არის უპირველეს ყოვლისა მოსამართლის და სასამართლოს ხელისუფლების უპატივცემულობა“.

ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ ყველა მოსამართლეს ჰქონდა „გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული“.

საკონსტიტუციო სასამართლო ასევე შეახსენებს, რომ „გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას“ და მოუწოდებს მერაბ ტურავას, „თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან“.

მანამდე, 16 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას „უკიდურესად არასასურველი მოვლენა“ უწოდა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდა „რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს სიცხადე ამ საკითხში“.

ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა 16 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ტურავა, რომელიც პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ქართული ოცნების წარდგინებით მარტში აირჩია,  მოიქცა „უღირსად“ და საკონსტიტუციო სასამართლოს „სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, როცა  „ავადმყოფობის სიმულირებით“  აღასრულა „ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება“, რომ „ნებისმიერ ფასად უკანონო პატიმრობაში“ დატოვონ გიგი უგულავა, რომლის მიმართაც არცერთ საქმეზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა.   

რამდენიმე საქმეზე ბრალდებულმა თბილისის ყოფილმა მერმა, რომელიც უკვე 14 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლოს აპრილში მიმართა და კანონის იმ მუხლების გაუქმება მოითხოვა, რომლებიც, მისი თქმით, კონსტიტუციით განსაზღვრული წინასწარი პატიმრობის 9–თვიან ვადას ეწინააღმდეგება.

კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.

როდესაც უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა იწურებოდა, პროკურატურამ  მას 2015 წლის მარტში ბრალი დაუმძიმა, რათა ის პატიმრობაში დაეტოვებინა. ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და რომლის წინასწარი პატიმრობაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას განაჩენს გამოუტანდნენ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)