პარლამენტმა 16 სექტემბერს 69 ხმით 12–ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის და ექვსი წლის ვადით არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს.
ამჟამად, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ–მინისტრი.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენითაც უნდა მიიღოს, მთავარი პროკურორის არჩევის უფრო რთულ პროცედურას ითვალისწინებს პარლამენტისა და ახალი კოლეგიური ორგანოს – საპროკურორო საბჭოს ჩართულობით და ამ პროცესში მთავრობასა და იუსტიციის მინისტრს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უნარჩუნდებათ.
კანონპროექტი 15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს ექსოფიციო წევრის სტატუსით.
8 წევრს საბჭოში პროკურორთა კონფერენცია აირჩევს, რაც ასევე კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს.
2 ადგილს დაიკავებენ საერთო სასამართლოების ის მოსამართლეები, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევს.
2 ადგილს საპროკურორო საბჭოში პარლამენტის დეპუტატები დაიკავებენ, რომელთაგანაც ერთს საპარლამენტო უმრავლესობიდან, ხოლო მეორეს იმ დეპუტატთაგან აირჩევს პარლამენტი 76 ხმით, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში.
დარჩენილ 2 ადგილს საბჭოში პარლამენტის მიერ სულ ცოტა 76 ხმით არჩეული სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაიკავებენ.
მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესი, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით იწყება.
ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს სამ კანდიდატს წარუდგენს. მინისტრმა ასევე უნდა დაასაბუთოს ეს წარდგინებები.
საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა შეარჩიოს არანაკლებ 2/3-ით ანუ სულ ცოტა 10 ხმით. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, იუსტიციის მინისტრმა ახალი კანდიდატები უნდა წარადგინოს.
საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში, ახალი კანდიდატის წარდგენისთვის პროცესი ხელახლა იწყება.
მთავრობის მიერ საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის მოწონების შემთხვევაში, კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კანდიდატის მთავარ პროკურორად ექვსი წლის ვადით დასამტკიცებლად სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტს მთავარი პროკურორის წარდგენის და დამტკიცების პროცესში მთავრობის და მმართველი კოალიციის ძლიერი როლის გამო აკრიტიკებენ.
როდესაც 4 სექტემბერს კანონპროექტის მეორე მოსმენისას დებატები გაიმართა, ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ არსებული შემოთავაზებით მთავრობა და მმართველი კოალიცია პროცესზე სრულ კონტროლს ინარჩუნებენ და ამიტომ ის ვერ ახდენს პროკურატურის დეპოლიტიზაციას.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტს რეფორმის იმიტიაცია უწოდა.
ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმით პროკურატურა პარლამენტის წინაშე გახდება ანგარიშვალდებული და პროკურატურის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები შეიქმნება. მისი თქმით, კანონპროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იქითკენ, რომ პროკურატურა პოლიტიკურად დამოუკიდებელი გახდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)