Site icon Civil.ge

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 16 სექტემბერს სატელეფონო საუბარში ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურთიერთმხარდაჭერა გამოხატეს, იტყობინებიან პრეზიდენტების ადმინისტრაციები.

„საუბრისას სახელმწიფო მეთაურმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ უკრაინის თანმიმდევრულ და მრავალმხრივ დახმარებას და ასევე დაადასტურა ჩვენი ქვეყნის უცვლელი პოზიცია საქართველოში კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად გადაწყვეტის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერის თაობაზე“, – იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, „მოსაუბრეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად აღიდგენენ თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობას“.

პეტრო პოროშენკომ, მისი ადმინისტრაციის თანახმად, „პარტნიორისა და მეგობრის პოზიცია“ უწოდა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის ბავშვების და ასევე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რეაბილიტაციის კუთხით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე  შვიდმა უკრაინელმა ჯარისკაცმა წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობა გაიარა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ საქართველოს საზოგადოება, სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ირგვლივ კონსოლიდირებულია.

„ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა  ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს  ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე“, – იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა  „კიდევ  ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და ხაზი გაუსვა სიტუაციის დეესკალაციისთვის მინსკის შეთანხმების ფორმატის დაცვის მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება“ და ასევე იმედი გამოთქვეს, რომ „უახლოეს მომავალში  მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება“. 

გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინაში 25 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად.