აშშ–ის ახალმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ 17 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
იან კელი, რომელიც საგარეო სამსახურში დაახლოებით 30 წელი მუშაობდა, აშშ–ის სენატმა საქართველოში ელჩად 24 ივნისს დაამტკიცა; მან ამ პოსტზე რიჩარდ ნორლანდი შეცვალა.
„მე ყოველთვის მინდოდა, რომ მემსახურა თბილისში“, – უთხრა კელიმ ჟურნალისტებს 16 სექტემბერს თბილისში ჩამოსვლიდან ცოტა ხანში.
„ვფიქრობ, ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება საქართველოს მხარდაჭერა და აშშ–ს და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს და მისი მისწრაფებების მხარდაჭერა, რათა ის უფრო ინტეგრირებული გახდეს ევრო–ატლანტიკურ ინსტიტუტებში“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვერ იპოვით უფრო ძლიერ მხარდამჭერს საქართველოსი და მისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებისთვის, და არა მგონია, რომ იპოვით აშშ–საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების უფრო მგზნებარე მხარდამჭერს“, – განაცხადა მან.
New US AMB Ian Kelly: I don’t think you’ll find a more passionate supporter for deepening US-Georgian relations pic.twitter.com/rSLyG5oYO4
— U.S. Embassy Tbilisi (@EmbassyTbilisi) September 17, 2015
იან კელი 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ხოლო 2010-2013 წლებში აშშ-ის ელჩად მუშაობდა ეუთოში. 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდა.
ელჩი კელი 2007-2009 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა; იგი ასევე იყო სახელმწიფო საქმეთა მრჩეველი აშშ-ის ნატოს მისიაში და იტალიასა და თურქეთში აშშ-ს საელჩოების პრეს-ატაშე.
1994-1996 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა დემოკრატიული ინიციატივების დირექტორის პოსტზე ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ პროგრამებში მონაწილე 12-მდე ფედერალური უწყების საქმიანობათა კოორდინაციას ახორციელებდა.
17 სექტემბერს პრეზიდენტ მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები ასევე გადასცა შვეიცარიის ახალმა ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა. მანამდე ბეგლინგერი ვარშავაში მისიის ხელმძღვანელი იყო. შვეიცარია რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლს ასრულებს მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.