პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სასამართლო პროცესების „პოლიტიზირების მცდელობის“ ფონზე, ის მხარდაჭერას და თანადგომას აღუთქვამს მოსამართლეთა კორპუსს.
„მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება“, – ნათქვამია მოსამართლეთა კორპუსისადმი პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც 18 სექტემბერს გავრცელდა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან“, – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი დაკონკრეტების გარეშე.
ბოლო დღეების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო და ასევე საერთო სასამართლოები პოლიტიკური განხილვის ეპიცენტრში მოექცნენ იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც წინასწარი პატიმრობის ვადებს ეხებოდა, დაადგინა, რომ ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა და რომლის მიმართაც სასამართლო პროცესები სხვადასხვა საქმეებზე წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით გრძელდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
„ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.