Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ‘ზეწოლაზე’ საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს და მოუწოდა მას, რომ რეაგირება მოახდინოს სასამართლოს ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი სახლების წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რასაც მან საკონსტიტუციო სასამართლოზე „ზეწოლა“ უწოდა.

ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა პაპუაშვილის საცხოვრებელი სახლების წინ თბილისსა და ბათუმში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, საპროტესტო აქციები გამართეს და დაგმეს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მომიტინგეები პაპუაშვილს ნაციონალური მოძრაობის „მეგობარს“ უწოდებდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს „ანტი–სახელმწიფოებრივი“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

„16 სექტემბერს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 18 სექტემბერს.

„ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ ადგილებში, აკეთებენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ და მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეების, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად და ადეკვატურად რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ის ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა.

„მეორე მხრივ, მინდა მოვუწოდო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც დაკავშირებულია სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებთან და ასევე მოველი იმავე პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი დაგმობენ ამგვარ ზეწოლის ფაქტებს სასამართლოებზე და მოსამართლეებზე“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამ განცხადებამდე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსისადმი წერილობითი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში  სასამართლო პროცესების „პოლიტიზირების მცდელობის“ ფონზე, ის მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს  მოსამართლეებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)