Site icon Civil.ge

პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დაამტკიცა

პარლამენტმა 18 სექტემბერს მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა, იმავე დღეს საღამოს ამ სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე შვიდი წლის ვადით კონსტანტინე სულამანიძე აირჩია.

სააგენტოს ახალი უფროსი 2009-2014 წლებში „პროგრეს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო; ენერგეტიკის ამჟამინდელი მინისტრის კახი კალაძის მიერ დაფუძნებულ ამ ბანკში აქციების 21.71% ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის; კონსტანტინე სულამანიძე 2005-2008 წლებში ბანკ „რესპუბლიკაში“, ხოლო 2002-2005 წლებში „ვითიბი ბანკში“ მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობებზე.

სულამანიძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს მიერ იმავე დღეს არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ წარუდგინა.

კოვზანაძე, რომელიც მანამდე საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრად პარლამენტმა 18 სექტემბერს მთავრობის მიერ წარდგენილ კიდევ სამ კანდიდატთან –  ეკატერინე გალდავასთან; საშა ტერნესთან და ეფრემ ურუმაშვილთან ერთად დაამტკიცა.

მთავრობის მეხუთე კვოტა 7-წევრიან საბჭოში ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება, ხოლო დარჩენილ ორ ადგილს იკავებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ექსოფიციო წევრის სტატუსით და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია.

საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა მიმდინარეობს და რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფისა და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკის ობიექტი გახდა, პარლამენტმა 17 ივლისს დაამტკიცა, თუმცა მას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს  ვეტო დაადო, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა და სექტემბრის დასაწყისში ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა ვეტო დაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა და ახალი კანონი ძალაში 10 სექტემბრიდან შევიდა.