Site icon Civil.ge

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 3%–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება გათვალისწინებული, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე.

ამ წლისთვის მთავრობა თავდაპირველად 5%–იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა შემდეგ პროგნოზის 2%–მდე შემცირება მოუწია.

2015 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ–ს  ზრდამ 3.2% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო მეორე  კვარტალში – 2.5%. 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%–ით გაიზარდა.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ჯერ პარლამენტს უნდა წარედგინოს განსახილველად,  4.5% იქნება.   

„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულს – 5.4%-ს მიაღწია, ივლისში არსებული 4.9%-დან.