Site icon Civil.ge

დეპუტატი ჯაჭვლიანი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ‘სექსუალური ორიენტაციისა’ და ‘გენდერული იდენტობის’ ამოღებას ითხოვს

ქართული ოცნების დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მიმდინარე კვირაში პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან ტერმინების –  „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“  – ამოღებას ითვალისწინებს.

ანტიდისკრიმინაციულ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები შემდეგ ჩანაწერს ითვალისწინებს: „ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად“.

ანტიდისკრიმინაციულ კანონთან ერთად,  „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან და ასევე შრომის კოდექსიდანაც, რადგან ცვლილებების განმარტებითი ბარათის თანახმად, ამგვარი ჩანაწერების არსებობა არღვევს „ზნეობრივ ნორმებს“, „დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის“ და ხელს უწყობს „საკამათო ქცევასა და მენტალიტეტს“.

ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საპარლამენტო განხილვებიც ჯერ არ დაწყებულა, „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ტერმინების იმ ჩამონათვალიდან ამოღებასაც ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებად 2012 წლის მარტში, ჯერ კიდევ მანამ განსაზღვრა, ვიდრე პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა.

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, 2014 წლის მაისში  მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების წინააღმდეგობის ფონზე მიიღო.

მაშინ ამ კანონის სამივე მოსმენით მიღებას სოსო ჯაჭვლიანმაც დაუჭირა მხარი უმრავლესობის და უმცირესობის სხვა დეპუტატებთან ერთად.

მან გასულ კვირას, როცა ცვლილებების ინიცირებას პარლამენტის სხდომაზე აანონსებდა, „სინანული“ გამოთქვა იმის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით „ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას – ამ უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას“ და განაცხადა, რომ მისი ინიციატივის მიმართ დეპუტატების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ამას უნდა ძალიან სიფრთხილით მოვეკიდოთ, ამიტომ განვიხილავთ, ვილაპარაკობთ და ვნახოთ“, – უთხრა ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებს 23 სექტემბერს, როცა ასევე განაცხადა, რომ მისი ინიციატივის ირგვლივ შესაძლო უთანხმოების გამო, მმართველი კოალიცია ქართული ოცნების დატოვებას არ აპირებს.