Site icon Civil.ge

პრო-რუსულმა ჯგუფმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა



აქციის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 2015 წლის 24 სექტემბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ 100–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც ნატოში საქართველოს მისწრაფება გააპროტესტეს და ხელისუფლებას „ნეიტრალიტეტის“ გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

აქციის ორგანიზატორი ორი პრო–რუსული ჯგუფი იყო – „ევრაზიული არჩევანი – საქართველო“ და „ერეკლე მეორის საზოგადოება“.    



აქციის მონაწილეს ხელში უკავია ბანერი წარწერით: „არც ერთი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე!“ ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეკავათ ბანერები, რომლებიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ზოგიერთ ბანერზე ეწერა: „რუსეთიარის ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ“; „რუსეთი ჩვენი კეთილი მეზობელია“.   

„ჩვენი მთავარი მიზანი არის პრეზიდენტმა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. ასევე აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. სულ ორიოდე თვის უკან აქ ჩატარდა ღონისძიება, სადაც ოცამდე ადამიანმა მოითხოვა პრეზიდენტთან შეხვედრა და თავიანთი ხედვების გაცნობა და მიიღეს ასეთი პასუხი, რომ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, მათ ის არ ხვდება. ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო პასუხი ბატონი პრეზიდენტისგან“, – განაცხადა „ევრაზიული არჩევანის“ ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემ.



პრო–რუსულ აქციაზე მამაკაცი ბარენით ხელში, რომელზეც წერია: „რუსეთი ჩვენი კეთილი მეზობელი, ერთგული მეგობარი და სულიერი ძმაა“. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

თავისუფალი ზონის აქტივისტებმა მათ სიახლოვეს კონტრაქცია გამართეს; პოლიციამ კონტრდემონსტრანტებს პრო–რუსული აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალება არ მისცა.  თავისუფალი ზონის აქტივისტები კოალიცია ქართული ოცნების მთავრობას და მის პოლიტიკას ადანაშაულებდნენ საქართველოში პრო–რუსული ძალების გააქტიურებაში.



პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის წინ პრო–რუსული აქციის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მცირე შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი, როდესაც ერთ–ერთი კონტრდემონსტრანტი პრო–რუსულ აქციაზე გამოჩნდა; ის პოლიციამ დააკავა და ადგილიდან გაიყვანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)