საქართველომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გეგმით გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია „მაქსიმალურად“ შეასრულა და ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკომისიის მომდევნო ანგარიში „დადებითი“ და „საბოლოო“ იქნება, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.
28 სექტემბერს საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა, რათა ადგილზე შეისწავლოს ევროკომისიის მიერ მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები. მისია, სავარაუდოდ, ყურადღებას თავშესაფართან, ადამიანთა ტრეფიკინგთან, კორუფციისთან და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული იმ ამოცანების შესრულებაზე გაამახვილებს, რომლებიც წინა ანგარიშში „ნაწილობრივ შესრულებულად“ შეფასდა.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველომ მაისიდან 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, მათ შორის დაამტკიცა მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი და მომდევნო კვირაში დაასრულებს საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონმდებლობის მესამე მოსმენით მიღებას; ასევე შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის შრომის ინპექცია, რომელმაც ოფიციალური ცნობით, უკვე 36 საწარმო შეამოწმა; ასევე დაინერგა ახალი რეგულაციები, მათ შორის საზღვარზე თანხების დეკლარირების წესების გამკაცრების და ასევე ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო ტრანსაქციების შეჩერების უფლების მინიჭების კუთხით. ამასთან ერთად, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები, მათ შორის ტელევიზიებით გადის ვიდეო-რგოლები იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის უფლების მიღება.
„შესასრულებელი ამ ეტაპზე არაფერი არ არის დარჩენილი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემფასებელი მისია მოახდენს ამ რეალობის ასახვას“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ 25 სექტემბერს მედიასთან შეხვედრაზე.
შემფასებელი მისია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ დასკვნას მოამზადებს ევროკომისიისთვის, რომელიც მომდევნო, მეოთხე ანგარიშის გამოქვეყნებას 15 დეკემბრისთვის გეგმავს.
„იმედი გვაქვს, რომ მეოთხე ფაზის დამასრულებელი ტექნიკური ანგარიში იქნება საბოლოო და დადებითი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ასევე დასძინა, რომ ქართულ მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის მხრიდან დამატებითი ტექნიკური მოთხოვნები იქნება წამოყენებული, ვინაიდან ქართულმა მხარემ აქამდე მიღებული ყველა რეკომენდაცია ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების გზით შეასრულა და საჭიროების შემთხვევაში, ასეთივე მჭიდრო ინტერაქციის გაგრძელებას გეგმავს ანგარიშის გამოქვეყნებამდე დარჩენილ ვადაშიც.
კითხვაზე იქონიებს თუ არა ევროპაში ამჟამად არსებული მიგრანტების კრიზისი უარყოფით ზეგავლენას საქართველოსთვის შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე, გიგი გიგიაძემ უპასუხა, რომ მართალია ეს „არახელსაყრელ გარემოს“ ქმნის, თუმცა იმედია, რომ ეს პრობლემა მალე დარეგულირდება და არ შეუქმნის დაბრკოლებას საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მომდევნო ანგარიში დადებითი იქნება და ამით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება, არსებული პროცედურის თანახმად, შემდეგ ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ, რასაც შემდგომ უნდა მოყვეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილებების შეტანის გზით.
საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს; ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა.
ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; მობილობას და თავშესაფარს, ასევე სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც ძირითადად მოიცავდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს.