Site icon Civil.ge

‘სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღეს’ ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ‘მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს’

გმირთა მოედანზე 27 სექტემბერს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინებით შემკობით საქართველოს ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა „სოხუმის დაცემის“ 22–ე წლისთავი აღნიშნეს, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 1993 წელს სეპარატისტული აფხაზეთის დედაქალაქის დატოვება მოუხდათ.

აფხაზეთში ამ დღეს „სოხუმის გათავისუფლებას“ ზეიმობენ. 
 
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, აღნიშნა წერილობით განცხადებაში, რომ 27 სექტემბერი „ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის“.

„ძმათამკვლელ ომს ათასობით ქართველი და აფხაზი შეეწირა. ამ დანაკლისს ვერაფერი აგვინაზღაურებს. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ეს არის უმძიმესი გამოცდილება ქართველებისა და აფხაზებისთვის. ჩვენ ომმა გაგვყო, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ ერთმანეთს, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და გამოვრიცხავთ ყოველგვარ აგრესიას“, – განაცხადა მან.

„ათასობით ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან გამოიხიზნა და დევნილად იქცა. მათი დაბრუნება ერთობლივი შეთანხმებით, ღირსეულად და ნდობის აღდგენის საფუძველზე უნდა მოხდეს“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში, „საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ შორის მშვიდობისა და ღირსეული ძმობის აღდგენის უმთავრესი საფუძველი გახდეს აფხაზებისა და ქართველების მტკიცე ნება. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)