კადრის ფოტო "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან, რომელზეც ტელეკომპანიის ეზოში მიმდინარე ბრიფინგზე შეკრებული თანამშრომლები ჩანან, 2015 წლის 1 ოქტომბერი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა, რომლის საკუთრების თაობაზეც სასამართლო დავა მიმდინარეობს, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლება 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას უბლოკავს ტელეკომპანიას, რომელსაც ეს თანხა მისი საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება.
მიმდინარე დავაში ასევე აღმოჩნდა ჩართული იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მას შემდეგ, რაც მას ბრალად დასდეს მონაწილეობა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის მთავრობის მიერ ხელში ჩაგდების მცდელობაში.
„არ მოგატყუოთ იმან, რასაც ეხლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის სატელევიზიო ბრიფინგზე 1 ოქტომბერს.
„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან“, – განაცხადა მან.
„ხელისუფლებას ვპირდები, ვიდრე „რუსთავი 2“ დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება“, – განაცხადა გვარამიამ, რომელსაც 2009 წლის ბოლომდე ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავა. მან ასევე მიმართა მაყურებელს, რომ ფულადი შემოწირულობებით დაეხმარონ „რუსთავი 2“–ს.
- ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ში წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებს
- რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
- არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებაზე სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან
სასამართლო დავა „რუსთავი 2“–ის საკუთრების თაობაზე, რომელმაც 2004 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, აგვისტოს დასაწყისში დაიწყო, როდესაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაადო და ამჟამინდელ მესაკუთრეებს მათი წილების გაყიდვა აუკრძალა.
ტელეკომპანიაში, რომლის სარეკლამო შემოსავლებიც მისი რამოდენიმე კონკურენტის ერთად აღებულ სარეკლამო შემოსავლებს აღემატება, აქციების 91%–ს, პირდაპირ თუ ირიბად ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ფლობენ. აქციათა 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძეა; ის გოგი გეგეშიძის მეუღლეა, რომელიც შარშან მარტში გარდაიცვალა; 2009-2012 წლებში გეგეშიძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო და აქციათა 9%-ს ფლობდა.
ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი, რომლებიც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლებად მიიჩნევიან, „რუსთავი 2“–ის 40%–იანი წილს პირდაპირ ფლობენ, ხოლო 51%–იან წილს – ტელეკომპანია „საქართველოს“ მეშვეობით, რომელიც „რუსთავი 2“–ის მთავარი აქციონერია.
მანამდე ხუთშაბათს ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის თხოვნით, დამატებითი ზომის სახით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონება დააყადაღა, რაც მის მესაკუთრეებს – ლევან ყარამანიშვილს და გიორგი ყარამანიშვილს კომპანიაში საკუთარი წილების გაყიდვას უკრძალავს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ტელეკომპანია „საქართველოს“ და „რუსთავი 2“–ის სხვა მფლობელების საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ამგვარი შუამდგომლობა მას შემდეგ იქნა წარდგენილი, რაც მისმა კლიენტმა შეიტყო, რომ ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ტელეკომპანია „საქართველოს“ დიმიტრი ჩიქოვანისთვის მიყიდვას აპირებდნენ. ჩიქოვანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღით „რუსთავი 2“–ის აქციები კეზერაშვილის მფლობელობაში იყო.
ამ გარიგების შედეგად ჩიქოვანი „რუსთავი 2“–ის 51%–იანი წილის მფლობელი გახდებოდა ტელეკომპანია „საქართველოს“ მეშვეობით. სალიამ განაცხადა, რომ ამგვარი გარიგება კიდევ უფრო გაართულებდა დავას საკუთრების შესახებ და მისი კლიენტის მოთხოვნას საკუთრების დაბრუნების თაობაზე.
„რუსთავი 2“–მა დაადასტურა, რომ გარიგება შეთანხმებული იყო და მიზნად ისახავდა 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას ტელეკომპანიის მუშაობის უზრუნველყოფისთვის იმ პირობებში, როდესაც მისი ქონება დაყადაღებულია.
„რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მართალია ტელეკომპანია სარეკლამო შემოსავლებიდან ინახავს თავს, თუმცა ქონების დაყადაღებამ, რის შედეგადაც ტელეკომპანიას ხელი აღარ მიუწვდება საბანკო სესხებზე, რაც მისი სტაბილური მუშაობისთვის არის საჭირო, უბიძგა მფლობელებს, რომ ინვესტიციების მოზიდვაზე ეფიქრათ და ტელეკომპანია „საქართველოს“ გაყიდვა გადაწყვიტეს.
„რუსთავი 2“–მა 2015 წლის პირველ ნახევარში სარეკლამო შემოსავლების სახით 21.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რაც კონკურენტი ტელეკომპანია „იმედის“ ანალოგიურ შემოსავლებზე ორჯერ მეტია.
გარიგების თანახმად, მყიდველი 400 000 აშშ დოლარს გადაიხდიდა ტელეკომპანია საქართველოში და ამას გარდა, იღებდა ვალდებულებას, რომ „რუსთავი 2“–ში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა 2015 წლის ბოლომდე და საჭიროების შემთხვევაში, ტელეკომპანიის თხოვნის საფუძველზე კიდევ 3 მილიონ აშშ დოლარს ჩადებდა არაუგვიანეს 2017 წლის თებერვლისა.
თუმცა, ოფიციალურად ეს შეთანხმება ვერ შედგა.
იმისათვის, რომ კონტრაქტი ძალაში შევიდეს, ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირდეს.
საჯარო რეესტრმა კი არ დაარეგისტრირა 29 სექტემბერს წარდგენილი კონტრაქტი და ამის მიზეზად განაცხადის ფორმულირებაში არსებული ხარვეზები დაასახელა. ამ პროცესის შეფერხებით, სააგენტომ დრო მისცა ხალვაშს და მის ადვოკატს, რათა თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობა შეეტანათ ტელეკომპანია „საქართველოს“ ქონების დაყადაღების თაობაზე, რაც გარიგების დადებას დაბლოკავდა.
„რუსთავი 2“ და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ საჯარო რეესტრმა განზრახ შეაფერხა პროცესი; მათი თქმით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა ხალვაშის სარჩელის მეშვეობით „რუსთავი 2“ ხელში ჩაიგდონ. საჯარო რეესტრმა ამგვარ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.
ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხალვაშის სარჩელის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაადანაშაულა და მას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაში დასდო ბრალი; გვარამიას თქმით, მოსამართლე მილიარდელმა ივანიშვილმა მოისყიდა.
„მოსამართლე ურთმელიძის ფეხებქვეშ მიწა აუცილებლად დაიწვება“, – განაცხადა გვარამიამ, „ის ვერ იპოვის თავშესაფარს ამ ქვეყანაში ვერასდროს“.
ხუთშაბათს მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაგმო „პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველი განცხადებები“.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ გვარამიას ისტერია „რუსთავი 2“–ის მაუწყებლობის შესაძლო შეწყვეტის თაობაზე დავისთვის „პოლიტიკური კონტექსტის“ მიცემას და სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარჩელი წარმოადგენს დავას კერძო მესაკუთრეებს შორის, სადაც მთავრობას არაფერი ესაქმება – იგივე პოზიცია გააჟღერა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც სარჩელი საკუთრების შესახებ პირველად იქნა შეტანილი სასამართლოში აგვისტოში.
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: „თუ „რუსთავი 2“–ს შეუწყდა შესაძლებლობა, რომ ინფორმირება მოახდინოს საზოგადოების, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხელისუფლების არალეგიტიმურობისკენ“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია – მოწონს არ მოწონს ვინმეს მისი სარედაქციო პოლიტიკა… სწორედ იმიტომაც არის საშიში, სახიფათო, რომ იმ სივრცეს კეტავს დღეს ხელისუფლება და კონკრეტულად ივანიშვილი, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი განვითარებისთვის და აუცილებელია იმისთვის, რომ შეიქმნას კონკურენტული, პლურალისტური გარემო წინასაარჩევნოდ… ყველა ჯანსაღი ძალა, ვისაც საზოგადოების მომავალი აღელვებს, დღეს უნდა გავერთიანდეთ ერთ მუშტად და დავუპირისპირდეთ ამ დიდ ბოროტებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)