Site icon Civil.ge

პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა

პარლამენტმა პარასკევს პლენალური სხდომის გამართვა ვერ შეძლო, რადგან რეგისტრაციის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, კვორუმი არ შედგა დაპირისპირების იმ ინციდენტების ფონზე, რასაც პარლამენტსა და მის შესასვლელთან ჰქონდა ადგილი.

სხდომის დასაწყებად საჭიროა სულ ცოტა 76-მა დეპუტატმა გაიროს რეგისტრაცია. დღეს კი ყველაზე მეტი 72 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა სხდომათა დარბაზში, სადაც რეგისტრაციებს შორის პერიოდში გამოცხადებული შესვენების დროს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მცდელობის ინციდენტებს ჰქონდა ადგილი.  

დეპუტატებს შორის დაძაბული ფონი, სავარაუდოდ, განაპირობა ქუთაისის პარლამენტის შენობის შესასვლელთან სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების, მათ შორის თავისუფალი ზონის წარმომადგენელთა მონაწილეობით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარმა ინციდენტებმა.

აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის დავით ლორთქიფანიძესა და ლუკა კურტანიძეს პარლამენტში შესვლისას დაბრკოლება შეუქმნეს. ერთ ეპიზოდში დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს აქციის მონაწილემ მეგაფონი ესროლა, დეპუტატმა კი იგივე ქმედებით ვერ უპასუხა, რადგან ამაში, სავარაუდოდ, დაცვის წევრმა შეუშალა ხელი.

პლენარული სხდომის ჩაშლას ასევე წინ უძღოდა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამართული კამათი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის.

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, რაც საკუთრების თაობაზე მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში ტელეკომპანიის წილების დაყადაღებას უკავშირდება, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის სპეციალური განცხადების საკითხის შეტანას ითხოვდა დღის წესრიგში, რასაც  ქართული ოცნება იმ მოტივით არ დაეთანხმა, რომ საკითხს შესაბამისი პროცედურები არ ჰქონდა გავლილი. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი ინიციატივის დღის წესრიგში ჩასმას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის გამართვის გზითაც მოითხოვდნენ.

გარდა ამ წინადადებისა, პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ასევე უნდა განეხილა ნაციონალური მოძრაობის ორი ინიციატივა საგამოძიებო კომისიების შექმნის თაობაზე – ერთი დადგენილების პროექტი გახმაურებული "მკვლელობების", მეორე კი „ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის“ გამოძიებას ეხებოდა.

თუმცა ვერცერთი ეს საკითხი ვერ იქნა განხილული პლენარული სხდომის ჩაშლის გამო, რაშიც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე დაადანაშაულეს ერთმანეთი.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი დარბაზში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაცია შეგნებულად არ გაიარა სხდომის პარალიზების მიზნით. ქართულმა ოცნებამ კი განაცხადა, რომ მაშინ, როცა მისი 18 დეპუტატი მივლინებაშია, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც 2-8 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში ვიზიტით გაემგზავრა, ნაციონალურ მოძრაობას კვორუმის შესაკრებად მეტი მობილიზება უნდა მოეხდინა.