Site icon Civil.ge

ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს

მთავრობის ფავორიტი კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, რასაც წინ უძღოდა ფედერაციის ერთ–ერთი  დელეგატის 18–საათიანი დაკავება და ბრალდებები მთავრობის ჩარევის შესახებ.

კობიაშვილმა არჩევნები სამი ხმით მოიგო – 33 დელეგატიდან 18–მა მას დაუჭირა მხარი, ხოლო 15–მა მის მთავარ კონკურენტს, რევაზ (რეზი) არველაძეს, რომელიც მანამდე წლებში განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო. მესამე კანდიდატს, მამუკა კვარაცხელიას არც ერთმა დელეგატმა არ მისცა ხმა.

ყოფილ ფეხბურთელს, 38 წლის ლევან კობიაშვილს, რომელმაც თავისი 16–წლიანი საფეხბურთო კარიერა ძირითადად გერმანულ კლუბებში გაატარა   – ჯერ საფეხბურთო კლუბ ფრაიბურგში, შემდეგ შალკეში და ბოლოს ჰერტაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად ვიცე–პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უჭერდა მხარს.

არჩევნების წინა დღეს, პარასკევს საღამოს ერთ–ერთი დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი პოლიციამ დააკავა. ის არველაძისთვის აპირებდა ხმის მიცემას.

მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალი წარუდგინეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების გამო. 

მისი მეგობრები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ გობეჯიშვილი გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, რათა ის კენჭისყრიდან ჩამოეშორებინათ, რითიც მთავრობის ფავორიტი კანდიდატი ისარგებლებდა. 

მეორე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატებმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დაგეგმილ შეხვედრაზე დაიწყეს შეკრება. თუმცა, არველაძის მხარდამჭერმა დელეგატებმა რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებდნენ. არველაძის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ დელეგატი სწორედ იმიტომ იყო დაკავებული, რომ მას მთავრობისთვის არასასურველი კანდიდატისთვის არ მიეცა ხმა. 

იმავდროულად, კობიაშვილმა მისი კონკურენტის მხარდამჭერი დელეგატები არჩევნების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

გობეჯიშვილის საქმეზე სასამართლო მოსმენა შაბათს შუადღის შემდეგ გაიმართა და ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. თუმცა გობეჯიშვილი სხვა დელეგატით ჩაანაცვლეს.

„ჰოლიდეი ინნ“–ში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის დასწრებამ კიდევ უფრო გაამწვავა ბრალდებები მთავრობის ჩარევის შესახებ.

თავად კალაძემ განაცხადა, რომ ის „სტუმრის“ და  უეფას ვიცე–პრეზიდენტის გრიგორი სურკისის მასპინძლის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას, რომელთანაც, მისი თქმით, მას „მეგობრული“ ურთიერთობები აქვს. კალაძემ ასევე უარყო ბრალდებები, რომ გობეჯიშვილი იმის გამო დააკავეს, რომ კობიაშვილს უპირატესობა ჰქონოდა არჩევნებში.

სურკისმა, რომელიც ფედერაციის შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა შაბათს საღამოს, რომ საკითხის მოგვარება ორ წამყვან კანდიდატს შორის მოლაპარაკებების გზით გახდა შესაძლებელი, რის შედეგადაც სხდომა გაიხსნა.

კენჭისყრის შემდეგ, რომელიც 3 ოქტომბრის საღამოს გაიმართა, არველაძე კობიაშვილს გადაეხვია და გამარჯვება მიულოცა.

კობიაშვილმა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით აირჩიეს, ამ პოსტზე ზვიად სიჭინავა შეცვალა, რომელიც ფედერაციას 2009 წლიდან ედგა სათავეში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მთავრობას ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. 2007 წელს, როდესაც გიორგი ნემსაძე ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, ის მოულოდნელად გადადგა არჩევიდან რამდენიმე საათში, რამაც მაშინდელი მთავრობის  წევრების მხრიდან ჩარევის ვარაუდები წარმოშვა.

ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწვავე კრიტიკის სამიზნეა, ძირითადად საქართველოს ეროვნული ნაკრების სავალალო შედეგების გამო. ფიფას ბოლო ოფიციალურ რეიტინგებში, საქართველო 110–ე ადგილზეა; ის 37 ადგილით დაწინაურდა, სავარაუდოდ, თბილისში სექტემბრის დასაწყისში შოტლანდიასთან 1:0 მოგებული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წყალობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)