სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა ხუთშაბათს, რომ მის პროკურორს ნებართვის მიღება სურს გამოძიების დასაწყებად იმ სავარაუდო დანაშაულებზე, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იქნა ჩადენილი.
ახლა სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცემს თუ არა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვას.
ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუსის საფუძველზე ჩამოყალიბდა და ის გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და სამხედრო დანაშაულების გამო ასამართლებს ადამიანებს.
რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო რომის სტატუსის მონაწილეა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ამ გადაწყვეტილებას დაახლოებით 7 წლის განმავლობაში საქმის „წინასწარი მოკვლევა“ უძღოდა წინ.
„წინასწარი მოკვლევა“ არის ფაზა, რომლის დროსაც სასამართლოს პროკურატურა აფასებს უნდა დაიწყოს თუ არა თავისი გამოძიება; ამავე ფაზის დროს ის ასევე აფასებს რამდენად იქნა მოცემულ სიტუაციაში ჩადენილი მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები და ახორციელებენ თუ არა შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობები რეალურ გამოძიებას და სამართალწარმოებას.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორმა [ფატუ] ბენსუდამ დაასკვნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ საქართველოში მართლაც იქნა ჩადენილი სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექტსში“, – ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
New #ICC developments on #Georgia : What’s next? pic.twitter.com/Vd5ZqAF0Wv
— Int’l Criminal Court (@IntlCrimCourt) October 8, 2015
„წინასწარი მოკვლევის“ ეტაპზე სასამართლოს პროკურატურას კომუნიკაცია ჰქონდა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მთავრობასთან, რათა თვალი ედევნებინა როგორც აწარმოებდნენ ისინი გამოძიებას სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე.
აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებები მოიცავს საქართველოს მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას; საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას; თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე როგორც საქართველოს, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ; ქონების განადგურებას; ძარცვას ეთნიკურ ქართულ სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ; წამებას და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს.
წინასწარი მოკვლევის შესახებ 2014 წლის დეკემბრის ანგარიშში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ განაცხადა, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი, რათა ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა ფართომასშტაბიანი და სისტემატიური შეტევა განახორციელეს ეთნიკურ ქართულ მშვიდობიან მოსახლეობაზე… 2008 წლის აგვისტოდან 2008 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ტოლფასია“. მან ასევე განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალებზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ „კვლავ არ არის საკმარისი“. თუმცა, ანგარიშში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს თავდაპირველი შეფასებები შეიძლება გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტები ან მტკიცებულებები გაჩნდება.
სასამართლოს პროკურატურამ ასევე განაცხადა 2014 წლის დეკემბრის ანგარიშში, რომ მართალია როგორც საქართველოში, ისე რუსეთში შიდა გამოძიებები მიმდინარეობდა, მაგრამ „ორივე ეს გამოძიება მნიშვნელოვანი შეფერხებებით ხასიათდებოდა“.
„პროგრესი ამ გამოძიებებში შეზღუდულია და მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 6 წელიწადზე მეტი გავიდა, სავარაუდო დამნაშავე კვლავაც არ დასჯილა, არც რაიმე გადაწყვეტილება მიღებულა იმასთან დაკავშირებით, რომ არ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთაც ეს გამოძიებები შეეხოთ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში გამოძიება მთელმა რიგმა დაბრკოლებებმა შეაფერხა, მათ შორის რუსეთთან სამართლებრივი ურთიერთდახმარების ნაკლებობამ და ასევე იმან, რომ შეუძლებელია სამხრეთ ოსეთში შეღწევა. ანგარიშის თანახმად, გამოძიება ასევე შეაფერხა საქართველოს მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობაში სამმა თანმიმდევრულმა საკადრო ცვლილებამ 2013 წლის ბოლოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 ოქტომბერს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სილვია ფერნანდეს დე გურმენდის შეხვდა.
წულუკიანმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესია 2008 წლის აგვისტოში ქართველთა „ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნას ბოლომდე გამოძიებული“.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან.
„ერთადერთი, რაც ჩვენ ვერ შევძელით, არის ის, რომ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქალბატონი ბენსუდას ჩართულობა, მე იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება, გამოვასწოროთ ეს ხარვეზი“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)