Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 8 ოქტომბერს ბრიუსელში. ფოტო: ევროკავშირი 

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ „ძალიან ოპტიმისტურადაა“ განწყობილი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის მომდევნო ანგარიში „დადებითი“ იქნება.

მან ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ბრიუსელში 8 ოქტომბერს შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კვირიკაშვილმა, რომელიც ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სტუმრობს, ასევე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან. კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს.

„საქმე ძალიან კარგად მიდის და მე მართლა უნდა შევაქო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია დადებითი ანგარიშის მისაღებად. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამის თაობაზე და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ რამის გამოცხადებას, თუმცა გარკვეული საშინაო დავალება კვლავ რჩება შესასრულებელი“, – განაცხადა ჰანმა.

წლის ბოლოს ევროკომისია მეოთხე ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, რაც გულისხმობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებას. ოფიციალური პირები თბილისში იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ბოლო ანგარიში, სადაც კომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

კითხვაზე ექნება თუ არა მიგრაციის კრიზისს უარყოფითი გავლენა საქართველოს შანსებზე, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღოს, ჰანმა უპასუხა: „ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ – ორივე მხარე [ევროკავშირი და საქართველო] და ამ ეტაპზე მე არ მაქვს არანაირი ნიშნები, რომ დადებითი ანგარიში არ იქნება“.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ანგარიში გამოქვეყნდება, ევროკომისია „სთხოვს ჩვენს წევრ სახელმწიფოებს, რომ დათანხმდეს ამაზე და ვიმედოვნებ, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნება“.

ევროკომისარმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ვითარება არ გართულდება.

„მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ რამდენიმე თვის შემდეგ არსებულ დისკუსიებს და ვითარებას, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა მან.

ეს საკითხი ასევე იქნა განხილული ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე.

„მათ [კვირიკაშვილმა და მოგერინიმ] ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ სწრაფ პროგრესს, სადაც ბევრი ნიშნული უკვე მიღწეულია, წლის ბოლოს საუკეთესო შესაძლო შედეგის თვალსაზრისით“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა.

ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში „სასამართლო სისტემის საკითხი“. ის მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას მოიწვიოს ევროპული მისია, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემას და შესაძლოა, ზოგიერთ ინდივიდუალურ საქმესაც გაეცნობა.

„არ დავმალავ, რომ ჩვენ სასამართლო სისტემის საკითხს შევეხეთ და მის გარშემო დისკუსია გვქონდა“, – აღნიშნა მან, „რაიმე ტიპის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, შევთანხმდით და ნამდვილად მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღიაობას, რომ მიიწვიოს დელეგაცია ევროპიდან – პირადად მე მირჩევნია, თუ მას ევროპის საბჭოს წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ, თუმცა დელეგაციის შემადგენლობაში სხვა ექსპერტებიც უნდა შევიდნენ – რათა გაეცნონ, თუ როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა საქართველოში და თუ საჭირო გახდა, ასევე ძალიან სასარგებლო იქნება ერთ-ერთ რომელიმე ინდივიდუალურ საქმეს გაეცნონ“.

„ვფიქრობ, მომავალი საარჩევნო წლისთვის ჩვენი საერთო ინტერესია გავარკვიოთ ის, რაც გასარკვევია“, – განაცხადა ჰანმა.

„მაგრამ, კიდევ ერთხელ, თუ შევაჯამებთ, საქართველოს სვლა რეალური დემოკრატიული ქვეყნისკენ საუკეთესოა და ჩვენ ამას მართლაც ვაფასებთ“, – განაცხდა ჰანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე: „მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღიაა ამ თანამშრომლობისთვის, კომუნიკაციისთვის. ჩვენ დაველოდებით შესაძლო მისიას [ევროკავშირიდან] და მზად ვართ ყველა კითხვას ვუპასუხოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გვქონდეს საუკეთესო კომუნიკაცია ამ კუთხით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო ფაზაში, რომელშიც შევდივართ“.

ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი იმედებს ამყარებს საქართველოზე და „მის როლზე რეგიონში, რათა სიტუაციის შემდგომი სტაბილიზაცია მოახდინოს და ხელი შეუწყოს უკეთეს პერსპექტივას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მოქალაქეებისთვის“.

კითხვაზე, არის თუ საქართველო მუდმივად ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ჰანმა უპასუხა: „უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის არა, რაც, მიმაჩნია, რომ კარგი ნიშანია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)