საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) ალიანსის მომავალი წლის სამიტზე ვარშავაში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ.
მან ეს განცხადება პარლამენტში 9 ოქტომბერს ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა.
აღნიშნა რა, რომ ნატოს მომავალი წლის სამიტი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ თუ ნატო MAP–ის სანაცვლოდ რაიმე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არ შესთავაზებს საქართველოს საბოლოო წევრობისთვის, ეს დამაზიანებელი იქნება პროდასავლური პოლიტიკური ძალებისთვის საქართველოში.
მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირებისა და დიპლომატების რიტორიკა ნატოს პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომლებსაც ისინი შიდა მოხმარებისთვის იყენებენ.
მან განაცხადა, რომ მართალია იციან, რომ MAP–ის მიღების მცირე შანსი არსებობს, მაგრამ საქართველო მაინც ინტენსიურად აყენებს ამ საკითხს ნატოს პარტნიორებთან მოლაპარაკებებში „სავაჭროდ“, რათა საბოლოდ რაღაც მაინც მიიღოს; თუმცა, ქვეყნის შიგნით, მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს MAP–ისთვის პრიორიტეტის მინიჭება, რათა ყალბი მოლოდინები არ შექმნას, ვინაიდან ეს შემდეგ იმედგაცრუებას გამოიწვევს და ამას „რუსული პროპაგანდა“ სათავისოდ გამოიყენებს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ დიპლომატები არ ვლაპარაკობთ ასი პროცენტით არაფერზე, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ინტეგრაციის გზაზე ვერ მივიღებთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იგულისხმება MAP-ი… ერთი რამ ვიცით, MAP-ი, სავარაუდოდ, სამიტზე არ იქნება“, – განაცხადა დონდუამ, რომელიც 2000–2005 წლებში საქართველოს ელჩი იყო ნატოში.
„ამას როგორი აღქმა ექნება საზოგადოებაში [საქართველოში]?… ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს; ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სწორი ტემპერატურა, შევიმუშავოთ სწორი ნარატივი იმისათვის, რომ არ შეიქმნას სერიოზული პრობლემა – აქ ლაპარაკი არ არის მმართველ ძალაზე, აქ ლაპარაკია ყველა იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს. თქვენ რომ ახსენეთ რუსული პროპაგანდა, სწორედ ამაზე მუშაობს – მათი მთავარი მესიჯი არის, რომ ‘ჩვენ [ქართველები] არავის ვჭირდებით ევროპაში და ნატოში და მოდით ამას თავი დავანებოთ’“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
„ჩვენ ვეუბნებით ნატოელებს და ევროპელებს, რომ ერთ–ერთი რატომაც – ეს არ არის მთავარი მიზეზი – მაგრამ გვჭირდება, რომ იყოს მუდმივი დინამიკა ამ მიმართულებით არის ის, რომ ჩვენს ხალხსაც გავაგებინოთ, რომ … თქვენც [ნატო] მზად ხართ გააკეთოთ ის, რასაც ოდესღაც დაგვპირდით“, – განაცხადა დონდუამ, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება ჰქონდა მხედველობაში, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატოს წევრი.
თუმცა, იმავე სამიტზე ნატომ გადაწყვიტა, რომ MAP-ი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ნატოს საბოლოო წევრობისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ საქართველოს MAP–ზე უარს ეუბნებიან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ბევრჯერ უთქვამთ, რომ ნატომ ან MAP–ი უნდა მიანიჭოს საქართველოს ან 2016 წლის სამიტზე გაახმოვანოს საკუთარი გადაწყვეტილება, რომ MAP–ი აღარ წარმოადგენს საბოლოო წევრობის წინაპირობას.
დონდუამ განუცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებს, რომ ევროკავშირის მიმართულებით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და უვიზო მიმოსვლის შესაძლო მიღება შენგენის ზონაში მომავალი წლიდან არის „ძალიან კარგი მესიჯი იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული პოლიტიკა მუშაობს“.
„იგივეს ვთხოვთ ნატოელებს – კარგით MAP თუ არ იქნება, უნდა იყოს რაღაცა, რაც დაანახებს ჩვენს ხალხს, რომ ჩვენ არ ვართ გაჩერებულნი. ეს [ამ მესიჯის არარსებობა] თქვენთვისაც დამაზაინებელია და არასწორი მესიჯი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვისაც“, – განაცხადა მან.
„ჩვენ შემუშავებული გვაქვს სტრატეგია დეკემბრამდე იმიტომ, რომ დეკემბერში იქნება მინისტერიალი [ნატოს წევრი სახელმწიფოების]. მანამდე გარეთ სხვა მესიჯი გვაქვს, შიგნით სხვა მესიჯი გვაქვს. გარეთ სულ ვლაპარაკობთ MAP–ზე – ყოველ შემთხვევაში დეკემბრამდე ვილაპარაკებთ არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომ MAP–ს მოგვცემენ [ვარშავის სამიტზე], არამედ – იგივე იყო წინა სამიტის დროსაც, MAP, MAP ვილაპარაკეთ, ოღონდ კარგით MAP არ გინდათ და გქონდეთ ეს გაფართოებული პაკეტი – ამას ვიყენებთ სავაჭროდ, რომ თუ MAP არა, რაღაც მნიშვნელოვანი გვქონდეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
„თუ ქვეყნის შიგნით არ გესმით, რომ MAP–ის თემა არის ისეთივე ხმამაღალი, როგორც ეს იყო წინა სამიტის დროს, ასე არ არის სხვაგან – საზღვარგარეთ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაგრამ შიგნით არ გვინდა გავზარდოთ მოლოდინი“, – განაცხადა დონდუამ.
ამ კონტექტსში მან ვარშავის სამიტის ჩატარების დროზე მიანიშნა, რომელიც ივლისში იმართება და რამდენიმე თვით უსწრებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
მისი თქმით, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას გამოიწვევს, რაც დამაზიანებელი იქნება „საქართველოს ევროპული პოლიტიკისთვის“.