Site icon Civil.ge

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, „პანორამა თბილისის“ პროექტი უფრო მეტისთვის მიუღებელია

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ „პანორამა თბილისის“ მრავალმილიონიან სადავო პროექტს, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლის შედეგების ნაწილიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა,  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში აწარმოა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4  448 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით; კვლევაში  ცდომილების ზღვარი  +/- 3.01% შეადგენს.

კვლევის თანახმად, „პანორამა თბილისის“ არქიტექტურული პროექტის შესახებ ინფორმირებულია რესპოდენტთა 71%, საიდანაც 32%-ისთვის მისაღებია ეს პროექტი, 41%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 26%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხზე.

„პანორამა თბილისი“ თანაინვესტირების ფონდის პროექტია, სადაც ივანიშვილი ერთ–ერთი ინვესტორია. ეს პროექტი სოლოლაკში, ივანიშვილის რეზიდენციის მახლობლად, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც დედაქალაქის ცენტრს საბაგირო გზებით დაუკავშირდება. პროექტის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, დაგეგმილი მშენებლობა დედაქალაქს ძველ იერსახეს დაუკარგავს.