საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევა მიულოცეს.
ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 21 წელია მართავს, პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 2015 წლის აპრილში სტუმრობდა.
„ბელარუსის მოსახლეობამ გადადგა კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი განვითარებისაკენ, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს თქვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის მისალოც გზავნილში, „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი შემდგომი მოღვაწეობა კვლავაც მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობის განვითარებას და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას“.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თავის მისალოც წერილში: „დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება“.