Site icon Civil.ge

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა მერების საქმიანობას აფასებს

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფითი რეიტინგის მქონე სამ მერს შორის არის, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ იმ კვლევის თანახმად, რომელიც შარშან ქვეყნის მასშტაბით არჩეული 12 მერიდან ცხრა მათგანის საქმიანობას აფასებს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ის ნაწილი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზეა ფოკუსირებული, 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევა NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 8 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში აწარმოა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 4 448 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით; კვლევაში  ცდომილების ზღვარი  +/- 3.01% შეადგენს.

გამოკითხულთა 36% დედაქალაქის მერის საქმიანობას უარყოფითად მიიჩნევს, 44% მას საშუალო შეფასებას აძლევს და მხოლოდ 12%-ია მისი საქმიანობის მიმართ დადებითად განწყობილი. 7%-მა არ იცის როგორ შეაფასოს ნარმანიას საქმიანობა.

ასევე ბათუმისა და გორის მერები, შესაბამისად, გიორგი ერმაკოვი და ზურაბ ჯირკველიშვილი გამოკითხულთა უფრო მეტს არ მოსწონს, ვიდრე მოსწონს. ორივე ამ მერის უარყოფითი რეიტინგი 19%-ს შეადგენს, თუმცა ბათუმის მერის საქმიანობას 15% აფასებს დადებითად, 39% ნეიტრალურად და 24%-მა არ იცის; ხოლო გორის მერი მხოლოდ 7%-ს მოწონს, 31% საშუალოდ აფასებს და 24%-ს პოზიცია არ აქვს.

მერების რეიტინგებში, რომელშიც საერთოდ არ არიან რუსთავის, ფოთის და ამბროლაურის მერები წარმოდგენილნი, ყველაზე პოზიტიური შეფასება ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს აქვს. მის საქმიანობას 29% და 53%, შესაბამისად, დადებითად და საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 8% ავლენს ურყოფით დამოკიდებულებას მის მიმართ; 7%-მა კი არ იცის როგორი შეფასება მისცეს მას.

25%-იანი დადებითი რეიტინგით შემდეგ მოდის თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, რომლის საქმიანობასაც 32% საშუალოდ აფასებს, 24%-მა არ იცის, ხოლო 11% უარყოფითად არის განწყობილი.

ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის საქმიანობა 21%-ს მოწონს, 35%  – საშუალოდ, 13% კი უარყოფითად აფასებს, ხოლო 29%-მა არ იცის რა პასუხის გასცეს.

21%-იანი დადებითი რეიტინგი აქვს ასევე მცხეთის მერს ავთანდილ ნემსიწვერიძეს, რომლის საქმიანობის საშუალოდ შემფასებელი რესპოდენტთა 37%, უარყოფითად კი 18%-ია, პოზიცია არ აქვს 16%-ს.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საქმიანობა რესპოდენტთა 18%-ს მოსწონს და ამდენივეს არ მოსწონს; მას საშუალოდ 46% აფასებს, ხოლო პოზიცია არ აქვს 15%-ს.

მართალია ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას ყველაზე დაბალი – 5%-იანი უარყოფითი რეიტინგი აქვს, მაგრამ მისი საქმიანობა 18%-ს მოსწონს, 49% საშუალოდ აფასებს, ხოლო 27%-მა არ იცის რა შეფასება მისცეს.

ყველა მერი, ისევე როგორც მუნიციპალიტეტებში პირდაპირი წესით არჩეული გამგებლები, მმართველ კოალიცია ქართულ ოცნებას წარმოადგენენ.

რესპოდენტთა უფრო მეტი რაოდენობა, 46% თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს და მხოლოდ 13% ფიქრობს საპირისპიროს, 34% ამ საკითხში ნეიტრალურ მიდგომას ავლენს, ხოლო 7%-ს  ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

რესპოდენტთა 47% აცხადებს, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, 43% გაუარესებაზე მიუთითებს და მხოლოდ 9% აღნიშნავს გაუმჯობესებას.

კვლევის ერთ-ერთ მიგნებას წარმოადგენს ის, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია მინიმალურია.

გამოკითხულთა 94% აცხადებს, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მას საკრებულოს წევრი ან მისი თანამშრომელი არ დაკავშირებია, ამასთან, 83%-მა საერთოდ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი ადგილობრივ საკრებულოში; გამოკითხულთა 96%-თან კომუნიკაციის მცდელობა არ ყოფილა მერიის სამსახურების მხრიდან, ხოლო 98%-თან  – გუბერნატორის ადმინისტრაციიდან.

რესპოდენტთა იმ 16%-დან, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეხება ჰქონიათ ადგილობრივ მერიასთან ან გამგეობასთან, ნახევარზე მეტი კმაყოფილია ამ კომუნიკაციით; ასეთივე ტენდენციას აჩვენებს კვლევა სასწრაფო სამედინო დახმარების სამსახურთან, იუსტიციის სახლებთან და საკრებულოსთან კომუნიკაციის შემთხვევაში.

„ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამან ბიძგი უნდა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რათა მათ უფრო ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ მოქალაქეებთან, მოუყვნენ მათ თავიანთი საქმიანობის შესახებ და ხელი შეუწყონ მოქალაქეების მეტ ჩართულობას“, – განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა.

რესპოდენტებმა  ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებს შორის გზები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და გარემოს დაბინძურება დაასახელეს. ეს უკანასკნელი საკითხი, გამოკითხვის თანახმად, დედაქალაქში ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს (43%). ამ ფონზე გამოკითხულთა 68% მხარს უჭერს მანქანების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას.

კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, თუ სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი, 71% თბილისს ასახელებს, ხოლო 20% ქუთაისისკენ იხრება. ამჟამად პარლამენტი, რომლის ადგილმდებარეობად კონსტიტუციით ქუთაისია განსაზღვრული, ორივე ქალაქში მუშაობს.

NDI-ი საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პარტიების მხარდაჭერას და საგარეო პოლიტიკას მოიცავს, ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)