საკონსტიტუციო სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება შეაჩერა და განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომა იმოქმედებს მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გასაჩივრებული კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე.
საბანკო ზედამხედველობის შესახებ სადავო კანონის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების 39-მა დეპუტატმა დაახლოებით სამი კვირის წინ შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელიც 12 ოქტომბერს სასამართლომ პლენუმის 9-ვე მოსამართლის მხარდაჭერით წარმოებაში მიიღო.
22 სექტემბერს შეტანილ ერთობლივ სარჩელში ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციების ჩამორთმევა, მას ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების მხარდაჭერის თაობაზე კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებას ართმევს. მათივე მოსაზრებით, სადავო კანონი არღვევს კონსტიტუციას პრეზიდენტის უფლებამოსილების კუთხითაც, ვინაიდან პრეზიდენტს არანაირი როლი არ ეკისრება ახალი სააგენტოს საბჭოს წევრების შერჩევის და დანიშვნის პროცესში.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მან 5 მოსამართლის ხმით 4-ის წინააღმდეგ დროებითი ზომის სახით შეაჩერა კანონის იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოსა და უფროსის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, რადგან „საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი“.
ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი უკვე დაკომპლექტებული და ამოქმედების ეტაპზე მყოფი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებს კვლავ ეროვნული ბანკი შეასრულებს.
ივლისში მიღებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და თავად ეროვნული ბანკის კრიტიკის ფონზე ჩამოერთვა, 10 სექტემბერს ამოქმედდა, 18 სექტემბერს კი პარლამენტმა ახალი სააგენტოს ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები დაამტკიცა.
ამას წინ უძღოდა კანონპროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ივლისის ბოლოს დადებული ვეტო, რომელიც პარლამენტმა სექტემბრის დასაწყისში დაძლია. ვეტო დაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტმა იმის მიუხედევად, რომ მის შინაარს არ ეთანხმებოდა, ხელი მოაწერა. თუმცა ძალაში შესული კანონის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მაინც დაიბლოკა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)