Site icon Civil.ge

ICC-ის პროკურორი აგვისტოს ომის გამოძიების დაწყებას ითხოვს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი ნებართვის მიღებას ითხოვს, რათა გამოძიება დაიწყოს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომელთაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჰქონდა ადგილი.

პროკურორმა ფატუ ბენსუდამ 13 ოქტომბერს ICC–ის სამი მოსამართლისგან შემდგარ პალატას 160–გვერდიანი თხოვნა გაუგზავნა, სადაც დეტალურად აღწერს ქართულ, რუსულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს.

ჰააგაში განთავსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მოსამართლეებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმასთან დაკავშირებით მისცენ თუ არა პროკურორს გამოძიების დაწყების ნებართვა.

თანხმობის შემთხვევაში, ეს სასამართლოს პირველი გამოძიება იქნება, რომელიც აფრიკის ფარგლებს გასცდება.

„თუ ICC–ის მოსამართლეები გამოძიების ნებართვას მომცემენ, მე დავიწყებ გამოძიებას… რომელიც სრული დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პირობებში განხორციელდება“, – განაცხადა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.

„მოგვიანებით, ჩემი გამომძიებლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მე ვთხოვ ICC–ის მოსამართლეებს, რომ ან სასამართლოში გამოძახების, ან დაპატიმრების ორდერები გასცენ იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც, როგორც ჩემი ოფისი მიიჩნევს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში ჩადენილ სავარაუდო სასტიკ დანაშაულებზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი“, – აღნიშნა მან.

პროკურორს სურს, რომ გამოძიებამ მოიცვას პერიოდი, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანა იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული.

საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი არ არის რომის სტატუსის მონაწილე, რომლის საფუძველზეც 2002 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩამოყალიბდა.
 
თავის თხოვნაში გამოძიების დაწყების თაობაზე, პროკურორი ფატუ ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე საუბრობს, რომლებიც ICC–ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა:

ICC–ის პროკურორის თხოვნას მოსამართლეებისადმი თან ახლავს კონფიდენციალური დანართი, რომელიც შეიცავს „იმ პირების ან ჯგუფების სიას, რომელთაც სავარაუდოდ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყველაზე სერიოზულ დანაშაულებზე, მათი კონკრეტული როლის მითითებით“.

სავარაუდო დანაშაულების პირველ პუნქტთან დაკავშირებით პროკურორი აცხადებს, რომ „გონივრული საფუძველი“ არსებობს იმისა, რომ სამხრეთ ოსურმა ძალებმა 13 400–დან 18 500–მდე ეთნიკური ქართველი იძულებით განდევნეს; მიზანმიმართულად მოკლეს  51–დან 113–მდე ეთნიკური ქართველი და გაანადგურეს ან სერიოზულად დააზიანეს ეთნიკური ქართველების 5 000–ზე მეტი საცხოვრებელი.

„თავდასხმა სისტემური ხასიათის იყო, რადგან გამომდინარეობდა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკიდან მომხდარიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების იძულებითი გადაადგილება“, – ნათქვამია ICC–ის პროკურორის თხოვნაში გამოძიების დაწყების თაობაზე.

ამ მიმართულებით, გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში, პროკურატურა რუსული ძალების შესაძლო როლსაც შეისწავლის.

პროკურორი აცხადებს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია „იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსური ძალები ვერ შეძლებდნენ დარჩენილი ეთნიკური ქართული მოსახლეობის იძულებითი განდევნის კამპანიის განხორციელებას… რომ არა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“.

თუმცა, პროკურორი ასევე აცხადებს, რომ დაეკისრებათ თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს სამხრეთ ოსური ძალების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებების გამო, იმ მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც შესაძლო გამოძიების პროცესში შეგროვდება.

რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულების მეორე პუნქტს, პროკურორის სურვილია, რომ შეისწავლოს საქართველოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ორი მშვიდობისმყოფელი მოკლეს 2008 წლის 7 აგვისტოს სოფელ ავნევში მდებარე საგუშაგოზე თავდასხმის დროს, და ასევე რუსული მხარის ბრალდებები, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალში მდებარე სამშვიდობო ძალების შტაბს 8 აგვისტოს შუაღამის შემდეგ და ათი რუსი სამშვიდობო მოკლეს. საქართველოს ხელისუფლებამ განუცხადა პროკურორს, რომ რუსმა სამშვიდობოებმა დაკარგეს თავიანთი სტატუსი, ვინაიდან მათ პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს საომარ მოქმედებებში, რომლის დროსაც სამხრეთ ოსურ ძალებს ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდნენ და ამას გარდა, სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებისთვის რუსი სამშვიდობოების ინფრასტრუქტურას  ხელმისაწვდომს ხდიდნენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თხოვნას დაიწყოს გამოძიება, 7 წლის განმავლობაში საქმის „წინასწარი მოკვლევა“ უძღოდა წინ.

„წინასწარი მოკვლევა“ არის ფაზა, რომლის დროსაც სასამართლოს პროკურატურა აფასებს უნდა დაიწყოს თუ არა თავისი გამოძიება; ამავე ფაზის დროს ის ასევე აფასებს რამდენად იქნა მოცემულ სიტუაციაში ჩადენილი მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები და ახორციელებენ თუ არა შესაბამისი სახელმწიფოების მთავრობები რეალურ გამოძიებას და სამართალწარმოებას.

ICC–ის პროკურორმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა და შეფერხებებისა, ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გამოძიება წინ მიდიოდა, თუმცა მარტში შეჩერდა.

„საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გვაცნობა წერილობით, რომ ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიება 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე განუსაზღვრელი დროით შეჩერდა“, – ნათქვამია ICC-ის პროკურორის თხოვნაში.

ICC–ის პროკურორის მიერ წინასწარი შესწავლის დროს საქართველოს ხელისუფლება გამოძიების შეფერხების ერთ–ერთ მიზეზად იმას ასახელებდა, რომ მას არ ჰქონდა სეპარატისტულ რეგიონში სავარაუდო დანაშაულის ადგილებზე შეღწევის საშუალება.

2015 წლის 17 მარტს ICC–ის პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შიდა გამოძიებაში შემდგომი პროგრესი შეაფერხა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე ადგილებში არსებულმა მყიფე უსაფრთხოებამ, სადაც ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“. მთავრობამ ასევე აცნობა ICC-ის პროკურორს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებამ  შესაძლოა „საოკუპაციო ძალების აგრესიული და უკანონო რეაქცია“ მოყვეს და ასევე „ძალადობაში ჩართული ჯგუფების საპასუხო რეაგირება" გამოიწვიოს.  წერილში ასევე საუბარია  სავარაუდო დანაშაულების მოწმეთა უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ წუხილებზეც, ვინაიდან ისინი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ცხოვრობენ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მუქარების და დაუსაბუთებული  დაკავებების მაღალი რისკის წინაშე დგანან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 8 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც ICC–მ პირველად გამოაცხადა მისი პროკურორის განზრახვა გამოძიების დაწყების ნებართვის მოსაპოვებლად, რომ საქართველოს ინტერესია 2008 წლის აგვისტოში ქართველთა „ეთნიკური წმენდის ნაწილი იქნას ბოლომდე გამოძიებული“.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან.

„ერთადერთი, რაც ჩვენ ვერ შევძელით, არის ის, რომ ხელი არ მიგვიწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქალბატონი ბენსუდას ჩართულობა, მე იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება, გამოვასწოროთ ეს ხარვეზი“, – განაცხადა წულუკიანმა, რომელიც 28 ოქტომბერს ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს სილვია ფერნანდეს დე გურმენდის შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)