Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 14-17 ოქტომბერს ჩინეთს სტუმრობს, სადაც მან უკვე გამართა შეხვედრა თავის ჩინელ კოლეგასთან ჩჟან დეძიანგთან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პარლამენტის ლიდერებმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზე, ასევე  საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმსჯელეს.

ჩჟან დეძიანგმა, როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანია მჭიდრო ეკონომიკური და საქმიანი კავშირების დამყარება საქართველოსთან, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, „შეიძლება გახდეს აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტების ჰაბი“.

„ჩჟან დეძიანგმა აღნიშნა, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, რაზეც მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, ეს გააადვილებს საქართველოს და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ქართული პროდუქცია მარტივად მოხვდება ჩინურ ბაზარზე“, – იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინელ კოლეგას „გულთბილი" მიღებისთვის, აღნიშნა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობები და ის შესაძლებლობები, რომელსაც თბილისი ჩინელ ბიზნესმენებს სთავაზობს.

„დღეს თქვენგან ბევრი ღირებული რჩევა მოვისმინეთ და დიდი მადლობა ამისათვის. იმ აუცილებელი ჩამონათვალიდან, რაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად, ნაწილი შესრულებული გვაქვს და ნაწილზე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობას დიდი პერსპექტივა აქვს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში „ყველა პოლიტიკური პარტია მომხრეა ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობების”.

„ჩვენ მზად ვართ გავხდეთ მონაწილე ახალი კონკრეტული პროექტებისა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ საკმაოდ მომგებიანი ადგილმდებარეობით. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის“.

მან მადლობა გადაუხადა ჩინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გამო, ისაუბრა  ოკუპაციის პირობებში რუსეთთან არსებულ ურთიერთობებზე და განაცხადა,  რომ „პრობლემების მიუხედავად, საქართველო ევროპისკენ სვლას განაგრძობს“. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 14 ოქტომბერს ასევე დაესწრო აზიური პოლიტიკური პარტიების აბრეშუმის გზის თემატურ კონფერენციას და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ შეხვედრაში, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ში ძინპინი კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართავს.

ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებულია პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი“, რომელიც აბრეშუმის გზის ძველი სავაჭრო მარშრუტის ასაღორძინებლად  ცენტრალურ აზიაში და მის ფარგლებს მიღმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საქართველომ ამ ინიციატივას აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებით უპასუხა, რომლის პირველ შეხვედრასაც საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების თანაორგანიზებით თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფორუმს, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის დროს გაიმართება, 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.