საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.
კვირიკაშვილი ასევე გამართავს შეხვედრებს თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ოქტაი ასადოვთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ „აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“.
„შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისაკენ. განსაკუთრებით სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კვირიკაშვილის ბაქოში ვიზიტს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხანმოკლე და დაუანონსებელი სტუმრობა აზერბაიჯანში, სადაც ის 10 ოქტომბერს პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. ეს ვიზიტი კი მას შემდეგ შედგა, რაც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომიდან“ გაზის მოწოდების გაზრდის საკითხს განიხილავს, თუ ეს შემოთავაზება კომერციულად ხელსაყრელი იქნება. ამ განცხადებაში მან ასევე ახსენა გაზის მოწოდების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაც.
ქვეყანა აზერბაიჯანული გაზით მარაგდება; „გაზპრომისგან“ გაზს კი სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურად იღებს. კერძოდ, მას ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% ეკუთვნის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოულოდნელმა ვიზიტმა ბაქოში თბილისში სპეკულაციები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ეს ურთიერთობების დალაგებას ისახავდა მიზნად მას შემდეგ, რაც თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა „გაზპრომიდან“ გაზის მოწოდების თაობაზე ბაქოსთან ურთიერთობებში შესაძლო უთანხმოება გამოიწვია. ღარიბაშვილმა უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ თბილისის ურთიერთობები ბაქოსთან კვლავაც „მეგობრული და სტრატეგიული“ იქნება. მან „დივერსიფიკაციის და აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლების“ შესახებ რაიმე მოლაპარაკებებს „სრული აბსურდი“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 6 ნოემბერს ეწვევა.