Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი NDI–ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული ოცნების ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად, ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) დაკვეთით  ჩატარებული კვლევის სანდოობა, რომელშიც მმართველი კოალიციის მხარდაჭერის მკვეთრი კლებაა ნაჩვენები.

NDI–ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, იმ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვის მიცემენ ხმას ან არცერთ პარტიას არ ანიჭებენ უპირატესობას, 41%-მდე გაიზარდა იმ ფონზე, როცა მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერა შემცირდა 14%-მდე და თითქმის გაუტოლდა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 15%-იან რეიტინგს.

„NDI–ის კვლევასთან დაკავშირებით მე ალბათ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმა გააკეთეს კომენტარი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი ძალის ბევრი პოლიტიკოსი ჩვეულებრივ გამოთქვამს ხოლმე, როდესაც NDI-ი თავის კვლევებს აქვეყნებს. 

„ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ისმოდა უკვე მრავალი წელია არა ამ ორგანიზაციის მიმართ – მე აქვე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ – მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას პირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე. და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღეს. იქ გამოჩნდება, ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კვირას.

NDI–ის კვლევაზე საუბრისას ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, თავის Facebook–ის გვერდზე დაწერა, რომ „პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ს გამოკითხვებით ჩემი პარტია, ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს“. სააკაშვილი კვლავაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა.

იმავე დღეს, როდესაც 17 ოქტომბერს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, სამართალდამცავების მიერ ორი დაკავებულის მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა უკრაინულ ვებგვერდზე. ძალადობას 2011 წელს ჰქონდა ადგილი. ვიდეო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში აღმოაჩინა. დაკავებულთა წამებასთან დაკავშირებით 11 პირი გაასამართლეს, რამდენიმე მათგანი დაუსწრებლად, თუმცა ზოგიერთის განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდა. ვიდეოს გავრცელების დრომ წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა არასახარბიელო კვლევიდან ყურადღების გადატანის მიზნით და მმართველი კოალიციის პოლიტიკოსებისთვის მიზეზის მისაცემად, რომ მათ ისევ ესაუბრათ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა ჩადენილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ გამოძიება დაიწყო გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. აღნიშნა რა, რომ ხელისუფლება არ არის ერთადერთი, ვისაც ვიდეო გააჩნია, პროკურატურამ განაცხადა, რომ ვიდეო, რომელიც დაკავებულთა წამების საქმის მტკიცებულებას წარმოადგენს, დაცვის მხარისთვისაც იყო ხელმისაწვდომი.

„წამების ამსახველი კადრები ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი; მე ვიყავი მინისტრი, როდესაც ჩვენ გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და ძალიან ოპერატიულად გავხსენით საქმე“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს 18 ოქტომბერს, „ამას ალბათ გამოძიება დაადგენს, თუ როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება. ამ კადრების ბევრი ასლიც არსებობდა… მაგრამ მთავარი არის ის რომ, სააკაშვილის რეჟიმი ეს არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა საკუთარ მოსახლეობას – აღარ მინდა გავიმეორო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აცხადებენ პრეტენზიას კვლავაც ქვეყნის მართვაზე, ისინი ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე და ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბერს და ეს გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა“.

„კადრების გავრცელების ფაქტს რაც შეეხება, მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინელ მოქალაქეებს და ასე შემდეგ. მე ამის შესახებ არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ალბათ ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა მან, „სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები, დღეს რომ გრძელი ენები აქვთ, პარლამენტარები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ კადრებს უყურებდნენ და ხდებოდა ამ კადრების გარჩევა; აი, ასეთი ავადმყოფი ხალხი იყო ქვეყნის სათავეში“.