სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას გეგმავს, იტყობინება მისი პრესსამსახური 19 ოქტომბერს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც თიბილოვი ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს.
შესაძლო რეფერენდუმის თარიღის დაკონკრეტების გარეშე თიბილოვმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა, რომ „ყველა ნაბიჯი რეფერენდუმის შედეგების განხორციელების თვალსაზრისით მხოლოდ რუსულ მხარესთან შეთანხმებით გადაიდგმება“.
მოწოდებები რუსეთთან შეერთების თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირად ისმოდა ცხინვალში და მას შემდეგაც ეს საკითხი დროდადრო მუსირებს. ანატოლი ბიბილოვი, რომლის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ შარშან ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში და რომელიც ამჟამად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმს გამართავდა.
2015 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ცხინვალმა ხელი მოაწერა „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას მოსკოვთან, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან შერწყმას ითვალისწინებს, თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ იდგა.
მაგრამ 19 ოქტომბერს მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თიბილოვმა სურკოვს რეფერენდუმის ჩატარების გეგმები გააცნო.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ ძმურ რუსეთს და საუკუნეების მანძილზე უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და აყვავება“, – განაცხადა თიბილოვმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა „რია ნოვოსტის“ 19 ოქტომბერს, რომ მოსკოვმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერთების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე ზედმიწევნით უნდა აწონოს–დაწონოს ეს საკითხი. კიდევ ერთმა რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებას მოსკოვისთვის უფრო მეტი მინუსები აქვს, ვიდრე პლუსები.
„ჩვენ გვესმის ლეონიდ თიბილოვის მოტივაცია, რეფერენდუმამდე რაიმე პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა სლუცკიმ.
„რაც შეეხება [რუსეთის] შემადგენლობაში შესვლას – ეს უკვე შემდეგი ნაბიჯია და ვფიქრობ, საჭიროა ზედმიწევნით იქნას განხილული, მომწიფდა თუ არა ამის საჭიროება“, – განაცხადა მან.
„მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია სრულიად ფეთქებადი იქნება“, – განაცხადა სლუცკიმ და დასძინა, რომ ეს არ იქნებოდა საუკეთესო დრო ამგვარი გადაწყვეტილებისთვის იმ პირობებში, როდესაც „ძლიერი საინფორმაციო ომი მიდის რუსეთის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, ცხინვალი უკვე იღებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ დახმარებას რუსეთისგან.
„რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას და პოლიტიკურ შედეგებს, აქ ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ თუნდაც ეს სამხრეთ ოსეთს უნდოდეს, ჩვენ მაინც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს გარშემო არსებული გეოსტრატეგიული რეალობები“, – განაცხადა სლუცკიმ.
სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა „რია ნოვოსტის“: „სამხრეთ ოსეთისთვის პლუსები სავსებით ნათელია. ხოლო რუსეთისთვის ისინი არც იმდენია, და ძალიან ბევრი დიპლომატიური, საერთაშორისო ხასიათის მინუსია. და რუსეთს არ შეუძლია ეს არ გაითვალისწინოს“.
„ყველა პლუსი და მინუსი ზედმიწევნით იქნება განხილული“, – განაცხადა კალაშნიკოვმა და დასძინა, რომ მართალია ცხინვალს შეუძლია რეფერენდუმის ჩატარება, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია.
რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინებოდა 20 ოქტომბერს საკითხში გარკვეულ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით, რომ „ამ ეტაპზე რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი შესაძლოა საზოგადოების განწყობაზე საუბრობდა. დღის წესრიგში დგას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების განხორციელება, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მარტში მოაწერეს ხელი“.