რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ცხინვალის განცხადება, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის გეგმები რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს ცხინვალში მასპინძლობისას გააცნო.
„თუ სწორად მესმის, უშუალოდ შეხვედრის დროს ასეთი განცხადება არ გაკეთებულა“, – იტყობინებიან რუსული სააგენტოები „ტასსი“ და „რია ნოვოსტი“ 20 ოქტომბერს პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ლეონიდ თიბილოვმა ცხინვალში სტუმრობის დროს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს, რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ინიცირების გეგმები გააცნო.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ ძმურ რუსეთს და საუკუნეების მანძილზე უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და აყვავება“, – ციტირებს თიბილოვის სიტყვებს მისი პრესსამსახური სურკოვთან შეხვედრის შემდეგ 19 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი „არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რომელთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები“.
„იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთთან ინტეგრაციას ბევრი მომხრე ჰყავს, დიდი ხანია ცნობილია“, – განაცხადა მან, „რამდენადაც გვესმის, სწორედ ამაზე ლაპარაკობდა ბატონი თიბილოვი“.
მოწოდებები რუსეთთან შეერთების თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირად ისმოდა ცხინვალში და მას შემდეგაც ეს საკითხი დროდადრო მუსირებს. ანატოლი ბიბილოვი, რომლის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ შარშან ადგილების უმრავლესობა მოიპოვა საკანონმდებლო ორგანოში და რომელიც ამჟამად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმს გამართავდა.
2015 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ცხინვალმა ხელი მოაწერა „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას მოსკოვთან, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ბევრი ძირითადი სტრუქტურის რუსეთის ფედერაციის სტრუქტურებთან შერწყმას ითვალისწინებს, თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ იდგა. თუმცა მან 19 ოქტომბერს ისევ წამოწია ეს საკითხი და კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების ინიცირებას გეგმავს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა 19 ოქტომბერს, რომ მოსკოვმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერთების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე ზედმიწევნით უნდა აწონოს–დაწონოს ეს საკითხი. კიდევ ერთმა რუსმა დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებას მოსკოვისთვის უფრო მეტი მინუსები აქვს, ვიდრე პლუსები.
თბილისში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ არანაირ რეფერენდუმს საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ ექნება და ჩატარების შემთხვევაში, ის უკანონო იქნება.