უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
20 ოქტომბერს იგი თბილისში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.
„მოძმე და ახლო პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სტუმრობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობის გეგმები – ეს ეხება ტექნიკურ თანამშრომლობას, ეს ეხება განათლების სისტემას, ერთობლივ მონაწილეობას სწავლებებში. უკრაინა მზად არის გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, რაც უკვე აქტიურად დაწყებულია”, – განაცხადა გენერალ–მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
„ეს თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურად და ძალიან დინამიურად მიმდინარეობს“, – დასძინა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო ვიზიტის ფარგლებში წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში მყოფ დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მოინახულებს. სექტემბერში ამ ცენტრში ორკვირიანი სარეაბილიტაციო კურსი შვიდმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა. ამჟამად წეროვანში რეაბილიტაციის კურსს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მეორე ნაკადი გადის.
აგვისტოში საქართველოს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ–მაიორი სერგეი დროზდოვი სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)