Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მთავრობას სასამართლოს წინააღმდეგ უკანონო ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები თვალს ხუჭავენ  სასამართლოს წინააღმდეგ განხორციელებულ „უკანონო ქმედებებზე“, რაც მის სათანადო მუშაობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილობით მიმართვაში პაპუაშვილი პრეტენზიებს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არ ახდენენ რეაგირებას სასამართლოსა და მოსამართლეების საცხოვრებელი სახლების წინ გასულ თვეში გამართულ საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც „მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები“ კეთდებოდა.

წერილის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მას ერთ-ერთმა ადრესატმა, დავით უსუფაშვილმა ასევე წერილობით უპასუხა და  გიორგი პაპუაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შეხვედრის ორგანიზების წინადადებით მიმართა, რათა „ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები“.

„ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სექტემბერში ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელი სახლების წინ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს და დაგმეს საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა 14–თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მომიტინგეები პაპუაშვილს ნაციონალური მოძრაობის „მეგობარს“ უწოდებდნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს „ანტი–სახელმწიფოებრივი“ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებდნენ. ბათუმში პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს პომიდვრები და კვერცხებიც ესროლეს.

21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მიმართვაში პაპუაშვილი ასევე იხსენებს რამდენიმე სხვა ანალოგიურ საპროტესტო აქციას, რომლებიც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ წლის დასაწყისში და შარშან გაიმართა და რომელთა დროსაც, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, გაკეთდა მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას და დასძენს, რომ „ამგვარმა ქმედებებმა განსაკუთრებით ორგანიზებული, კოორდინირებული და პერმანენტული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში“.

საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლის საცხოვრებელი სახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვა ადმინისტრაციული დანაშაულია. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“. მოსამართლის წინააღმდეგ მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულია და კოდექსის თანახმად, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა“.

„აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან  აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ  საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას,  რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას“,– ნათქვამია მიმართვაში.