ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფმა ლანჩხუთში ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ოფისის კარი შეადუღა.
ადგილობრივი მედია საშუალება „გურიის მოამბე“ იტყობინებოდა, რომ ინციდენტის დროს ადგილზე პოლიციელებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ ჩარეულან და არავინ დაუკავებიათ.
ამავე ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მყოფ მომიტინგეებს შორის ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლებიც იყვნენ.
ეს ყველაზე ბოლო ინციდენტი იყო მიმდინარე კვირას ქვეყნის მასშტაბით ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინააღმდეგ მომხდარი ინციდენტებიდან, რომელთაც ადგილი ჰქონდა ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, გურჯაანში, თელავში, თეთრიწყაროში, ფოთსა და რუსთავში.
19–20 ოქტომბერს, როგორც ჩანს, კოორდინირებული საპროტესტო აქციების დროს, ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლები, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისებთან მიდიოდნენ და სკანდირებდნენ „დატოვეთ საქართველო“ და ოფისებთან პოსტერებს ტოვებდნენ წარწერით „ლიკვიდირებულია“.
ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის ახალციხეში, გორში და სხვაგან, ნაციონალური მოძრაობას ოფისების კარები აუჭედეს. ქუთაისში მცირე შეხლა–შემოხლას ქონდა ადგილი, სადაც ხელისუფლების მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ოფისში შეჭრას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიცია ჩაერია.
ეს ინციდენტები მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავების მიერ ორი დაკავებულის მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა უკრაინულ ვებგვერდზე. ძალადობას 2011 წელს ჰქონდა ადგილი. ვიდეო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში აღმოაჩინა. დაკავებულთა წამებასთან დაკავშირებით 11 პირი გაასამართლეს, რამდენიმე მათგანი დაუსწრებლად.
ვიდეოს გავრცელებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა; ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ვიდეოს გავრცელებაში ხელისუფლება იყო გარეული არასახარბიელო კვლევიდან ყურადღების გადატანის მიზნით და მმართველი კოალიციის პოლიტიკოსებისთვის მიზეზის მისაცემად, რომ მათ ისევ ესაუბრათ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა ჩადენილი.
ხელისუფლების მხარდამჭერებმა 18 ოქტომბერს თბილისის ცენტრსა და ზუგდიდში დაკავებულთა წამების ამსახველი ვიდეოების საჯარო ჩვენებაც მოაწყვეს, რაც საქართველოს სახალხო დამცველმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს.
აღნიშნეს რა, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან ცოტა ხნის წინ გამართული აქციები ხელისუფლებასთან ასოცირებული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, ათმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 20 ოქტომბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თქვა, რომ „საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება“.
განცხადებაში, რომელსაც ასევე აწერენ ხელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ „ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება“.
ცალკე განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების კიდევ ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ „ე.წ. წამების კადრების დემონსტრაციული ჩვენება საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობით და რამდენიმე საათში მის საფუძველზე მიზანმიმართულად განხორციელებული თავდასხმა ენმ-ის [ნაციონალური მოძრაობის] წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ აქტივისტების აქტიური მონაწილეობით, ადასტურებს, რომ აღნიშნული ერთიანი პროცესები არის წინასწარ დაგეგმილი და ემსახურება ხელისუფლების მხრიდან, წინასაარჩევნოდ, მთავარი ოპოზიციური ძალის პოლიტიკური მოვლენებიდან ჩამოშორებას“.
„ოპოზიციური პარტიებისა და მათი მომხრეების მიმართ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები ცალსახად არადემოკრატიული და უკანონოა. იგი გამოუსწორებელი შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის როგორც საშინაო, ისე საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით“, – ნათქვამია ხუთი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადებაში, რომელთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; მედიის განვითარების ფონდი; იდენტობა და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.