პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ ის ვერ შეძლებს სამომავლოდ იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ ან ამას ამართლებენ და ასევე მათთანაც, ვინც ირჩევს დაუმორჩილებლობის გზას.
„ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ: ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის“, – აღნიშნა მან თავის მოკლე წერილობით განცხადებაში.
მანამდე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებს“ ხედავს და ამ ფონზე ყველას მოუწოდა „თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები“.
პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გაკეთებული მკვეთრი განცხადებები, რამაც, მარგველაშვილის აზრით, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს და პარტიის წინააღმდეგ გამოხატული „აგრესია“ ბუნებრივია მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაღებული დაკავებულთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.
ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მისამართით განაცხადა: „მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“.
თავის ვრცელ განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაზეც გააკეთა კომენტარი და ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ „ პროვოკაციას“ თავი უნდა დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა ეს ოპოზიციური პარტია იმას მიიღებს ხალხისგან, რასაც „იმსახურებენ“.