სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფმა დაგმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 22 ოქტომბრის განცხადება, რომელიც, მათი შეფასებით, „ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს“ იმ ფონზე, როცა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ოფისებზე ქვეყნის მასშტაბით თორმეტ ქალაქში თავდასხმების სერიები განხორციელდა.
ერთობლივ განცხადებაში ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები“ და „თავი შეიკავოს აგრესიული რიტორიკისაგან“.
ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისებთან მთელი რიგი აქციები გამართეს, რომლის დროსაც ზოგან შენობის შესასვლელი კარებები აჭედეს ან შეადუღეს, ზოგან ფასადები მოხატეს ან წითელი საღებავი შეასხეს ანდა ფანჯრები ჩაამტვრიეს.
ამგვარ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში; ფოთში; გორში; ლანჩხუთში; ოზურგეთში; ჩოხატაურში; ახალციხეში, ასპინძაში; ქედაში; შუახევში; თეთრიწყაროში; საჩხერეში; ხარაგაულში; წყალტუბოში; თელავში; გურჯაანში. წითელი საღებავი შეასხეს ასევე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას თბილისში.
ეს ინციდენტები მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავების მიერ ორი დაკავებულის მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა უკრაინულ ვებგვერდზე. ძალადობას 2011 წელს ჰქონდა ადგილი. ვიდეო ამჟამინდელმა ხელისუფლებამ 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში აღმოაჩინა. დაკავებულთა წამებასთან დაკავშირებით 11 პირი გაასამართლეს, რამდენიმე მათგანი დაუსწრებლად. ვიდეოს გავრცელებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა; ამ ფაქტმა წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ვიდეოს გავრცელებაში ხელისუფლება იყო გარეული არასახარბიელო კვლევიდან ყურადღების გადატანის მიზნით და მმართველი კოალიციის პოლიტიკოსებისთვის მიზეზის მისაცემად, რომ მათ ისევ ესაუბრათ იმ დანაშაულებზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა ჩადენილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ქართული ოცნების მმართველი კოალიციის ლიდერიცაა, განაცხადა 22 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომ ნაციონალური მოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს და მის მიმართ გამოვლენილი აგრესია „ბუნებრივია“ სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ. „მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„აღწერილი მოვლენების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამართლების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, „უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან გაკეთებული მსგავსი განცხადება ძალადობის გამართლებასა და წახალისებას წარმოადგენს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის უზრუნველყოფას ქვეყანაში“.
განცხადება ასევე აღნიშნავს პოლიციის მხრიდან „არაერთგვაროვან“ რეაგირებას ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებთან მიმართებაში.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მომხდარა, ასევე რეაგირების გარეშე დარჩა, ან მინიმალური რეაგირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატებისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთ შემთხვევაზე. ამის პარალელურად, ხდება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქციის მონაწილეების დაკავება, სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დაწყება და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„რეაგირება არ უნდა იყოს შერჩევითი“, – აცხადებენ უფლებადამცველები, „დაუშვებელია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედება, რადგან აღნიშნული პირდაპირ ბადებს ეჭვებს ამ სისტემის პოლიტიზირებაზე და მისი ვიწრო პარტიული ინტერესებით გამოყენებაზე“.
„დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე აუცილებლად მიგვაჩნია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები, თავი შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და ძალადობის წამახალისებელი საჯარო განცხადებებისგან და უზრუნველყოს სტაბილური და მშვიდი სამოქმედო გარემო ყველა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის. პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა და სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელობის საჯარო რიტორიკა მთლიანად მიმართული უნდა იყოს სტაბილურობისა და პლურალური გარემოს მხარდაჭერისაკენ, სადაც სათანადო რეაგირება მოხდება ყველანაირ ძალადობრივ აქტზე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს ყველა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ჩამოყალიბებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია მიანიშნებს ერთიან გეგმაზე, რომელიც აშკარად მიმართულია მრავალფეროვანი და კრიტიკული საჯარო სივრცის დავიწროებისკენ, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ამგვარი დამოკიდებულებით პირდაპირ ჩნდება სამოქალაქო დაპირისპირების რისკი და საფრთხე ექმნება მრავალპარტიულ დემოკრატიას, რაშიც ცხადია ხელისუფლებას ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აცხადებს ათი არასამთავრობო ორგანიზაცია.
განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; იდენტობა; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; საქართველოს რეფორმების ასოციაცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)