Site icon Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო მარიხუანას პირადი მოხმარების გამო პატიმრობის გამოყენება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ოქტომბერს გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, რის გამოც მოსარჩელეს სისხლის სამართლებრივი ბრალი ჰქონდა წარდგენილი და პატიმრობა ემუქრებოდა, არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომლის შენახვის ფაქტი თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზნის არსებობაზე. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს „არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და არც იმ შემთხვევებს მოიცავს, როცა „აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანას რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის“.

მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის ფლობის გამო საპატიმრო სასჯელის გაუქმების სარჩელით სასამართლოს ბექა წიქარიშვილმა მიმართა, რომელსაც 69 გრამი ანუ „დიდი ოდენობით“ კატეგორიაში მოქცეული მარიხუანას შეძენა/შენახვის გამო ბრალდება აქვს წაყენებული.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც მოსარჩელეს სამართლებრივ დახმარებას უწევდა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ბექა წიქარიშვილი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანას შეძენა/შენახვის ბრალდება აქვს წაყენებული, ამისთვის ციხეში აღარ უნდა ჩასვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ბრალი დადასტურდება.  თუმცა ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, რომლებიც მარიხუანას გასაღების მიზანს უკავშირდება.

„იმ პირებისთვის, ვის მიმართაც აღნიშნული ქმედებისათვის უკვე გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი და მათ შეფარდებული აქვთ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს, რათა მიმართონ საერთო სასამართლოებს მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით“, – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა.