ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ კოალიცია ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატების სულ ცოტა ნახევარი შესაძლოა ვეღარ მოხვდეს საარჩევნო სიაში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მან ეს განცხადება შაბათს ტელეკომპანია „იმედთან“ ხანგრძლივ ინტერვიუში გააკეთა, სადაც ბევრი ისაუბრა კრიტიკულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის შესახებ, ასევე „რუსთავი 2“–ის და მაუწყებლის მფლობელობის დავის გარშემო არსებულ „ზედმეტ აჟიოტაჟსა“ და „ისტერიკის“ შესახებ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას მისი სრული მხარდაჭერა აქვს და ის „აქტიურად“ დაუჭერს მხარს მმართველ კოალიციას 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს.
„მე ვიქნები არანაკლებ აქტიური, ვიდრე ვიყავი 2012 წელს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართულ ოცნებას საკუთარი რესურსებით დაეხმარება.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატებთან ისაუბრა, როდესაც 19 ოქტომბერს მათ თბილისში კოალიციის ოფისში შეხვდა.
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იმავე შეხვედრაზე მან მმართველი კოალიციის დეპუტატებს უთხრა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა „რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს“.
მისი თქმით, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრი „სპორტსმენი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, თუ გნებავთ ხელოვნების მუშაკია“, რომელთაც ის დიდ პატივს სცემს, მაგრამ „პარლამენტში უნდა შევიდეს ისეთი ხალხი, ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონწარმოებაში“.
„რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენი გუნდი არ არის სანიმუშო… ძალიან ბევრი არ არის ჩამოყალიბებული საპარლამენტო მუშაობისთვის“, – განაცხადა მან და ისიც აღნიშნა, რომ ბევრმა დეპუტატმა ინგლისურიც არ იცის.
„ახალი გუნდი ბევრი ახალგაზრდით უნდა დაკომპლექტდეს“, – განაცხადა მან.
„ჩემი გადმოსახედიდან, უკეთეს შემთხვევაში, ნახევარი [დეპუტატებისა] შეინარჩუნებს [ადგილებს პარტიულ სიაში]“, – განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ „ჯერ ძალიან ადრეა“ იმის თქმა, თუ ვინ იქნება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართული ოცნების სიის სათავეში.
ივანიშვილმა უარყო ვარაუდები თითქოს მისი სურვილია, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნები საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა მოიგოს, ქართული ოცნების კანდიდატის თამარ ხიდაშელის ნაცვლად, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია.
ამის საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ სიმართლესთან ამ მოსაზრებას არაფერი საერთო არ აქვს და მოუწოდა საგარეჯოს ამომრჩევლებს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში თამარ ხიდაშელს დაუჭირონ მხარი.
„მართალი გითხრათ, პატრიოტთა ალიანსს კარგად არც ვიცნობ; წესდებაც არ წამიკითხავს მათი; შესაბამისად გამორიცხულია, რომ მხარი დავუჭირო ნებისმიერ მათ კანდიდატს“, – დასძინა ივანიშვილმა.
NDI–ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ სავარაუდო ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ ვის მიცემენ ხმას ან არცერთ პარტიას არ ანიჭებენ უპირატესობას, 41%-მდე გაიზარდა იმ ფონზე, როცა მმართველი კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერა შემცირდა 14%-მდე და თითქმის გაუტოლდა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის 15%-იან რეიტინგს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართალია ის პატივს სცემს NDI–ს და აფასებს ამ ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში, მაგრამ ის არ ენდობა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება.
„მე ამ ბოლო კვლევას დავარქვი ნაციონალური მოძრაობის სიზმარი და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს, რომ მას და ქართულ ოცნებას აღარ აქვთ მხარდაჭერა, ივანიშვილმა უპასუხა: „მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება 2016 წელს… ოდესღაც და როდესაც იქნება ეს, მე სიამოვნებით მოვიხსნი ამ როლს და გავაგრძელებ მებაღეობას, რაც არის ჩემი ჰობი და რაც ძალიან მიყვარს“.
‘რა ხდება რუსთავი 2“ –ში, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი?’
გაიმეორა რა მთავრობის და ქართული ოცნების პოლიტიკოსების ოფიციალური პოზიცია, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“–ის მფლობელობის გარშემო არსებული დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს და ხელისუფლებას ამასთან არაფერი აქვს საერთო.
ქიბარ ხალვაშს, რომელიც 2004–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის თანამფლობელი იყო, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნება სურს, რისთვისაც მან აგვისტოში სასამართლოს მიმართა. „რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ხალვაში სინამდვილეში ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და მისი სარჩელი ფაქტიურად არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ყველაზე ყურებადი და ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია ჩაიგდოს ხელში.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ და ნაციონალური მოძრაობა „ისტერიკის“ და „აჟიოტაჟის“ შექმნას ცდილობენ მიმდინარე დავისგან, რათა ის პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ.
„ნაციონალური მოძრაობაა ამ ყველაფრის სათავეში – „რუსთავი 2“ არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია; ის არის ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანა, მაგრამ მათ აქვთ ამის უფლება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, „პრინციპული“ არ არის, ვინ რომელი ტელევიზიის მფლობელია; მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა არ აკონტროლებდეს რომელიმე მაუწყებელს.
„რა ხდება „რუსთავი 2“–ში, რატომ არის ასეთი საოცარი ისტერიკა? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საზოგადოებისთვის „რუსთავი 2“ [ვისი იქნება]; ნაციონალურ მოძრაობას აქვს იმდენი ფინანსები, რომ კიდევ ერთი ან ორი ტელეარხი შეიძინოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ჩემთვის ნებისმიერი მედია საშუალება დღეს არ არის სახიფათო… ჩემთვის იქნებოდა ტრაგედია მთავრობის ტელეკომპანიების გამოჩენა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომლის ოჯახიც ტელეკომპანია „GDS“–ის მფლობელია.
კითხვაზე სურს თუ არა მას, რომ „რუსთავი 2“–ის მფლობელობის შესახებ მიმდინარე სამართალწარმოება ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდეს, რომლის დაც მმართველი კოალიციის დეპუტატია, ივანიშვილმა უპასუხა: „მე ვგულშემატკივრობ სამართლიანობას“.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს „რუსთავი 2“–ის გარშემო არსებული დავა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს „მიყიდოს“, როგორც საფრთხე მედიის თავისუფლების წინააღმდეგ.
პრეზიდენტის განცხადება ‘აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო’
ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის 22 ოქტომბრის განცხადება ბოლოდროინდელ მოვლენებზე, მათ შორის „რუსთავი 2“–ზე, „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ იყო.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კლიმატის ესკალაციის ფონზე „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებს“ ხედავს. მან ყველას თავშეკავებისკენ და ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა, ხოლო მოსამართლეს, რომელიც „რუსთავი 2“–ის საქმეს განიხილავს, მიმართა არ მიეღო „ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება“.
„მან დაარღვია კანონი“, – განაცხადა ივანიშვილმა მარგველაშვილის შესახებ, „არ ქონდა მას უფლება მოსამართლეს მიანიშნოს“.
„რომელ სამოქალაქო დაპირისპირებაზეა საუბარი – ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტმა სწორედ აქ დაუშვა, არავითარი საფუძველი სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ის, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, სწორედ მათ უნდათ, რომ ‘გააპრავონ’ ნაციონალური მოძრაობა… ის, ვინც აკეთებს მსგავს განცხადებებს სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს“, – განაცხადა მან.
იმავე 22 ოქტომბრის განცხადებაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილიც გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომელშიც ღარიბაშვილმა თქვა, რომ „აგრესია“ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ „ბუნებრივია“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მასაც „არ მოეწონა“ ღარიბაშვილის „ზედმეტად ემოციური გამოსვლა“.
„ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბევრჯერ ურჩია ღარიბაშვილს, რომ „მოერიდე ემოციურობას და მაქსიმალურად პრაგმატული იყავი“.
ზოგადად კი, ივანიშვილმა შეაქო ღარიბაშვილი, როგორც „ძალიან კარგი პრემიერი“.
„ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს და კარგი პოლიტიკოსი ყალიბდება… მე ვფიქრობ, რომ ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის იქნება კიდევ უფრო ეფექტური“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ინტერვიუს დროს ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კრიტიკა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ იმის გამო, რომ ის არ ამბობს უარს სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული პრეზიდენტის სასახლის გამოყენებაზე.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი „შეცდომა“ იყო მარგველაშვილის ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატად შერჩევა.
მან განაცხადა, რომ მარგველაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა და ის „ივანიშვილთან კი არ არის დაპირისპირებაში, არამედ იმ მარგველაშვილთანაა, რომელიც პრეზიდენტობამდე იყო“.
‘ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდ სამსახურს მიწევს’
ივანიშვილმა უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ის ქვეყნის „არაფორმალური მმართველია“ და განაცხადა, რომ ის მხოლოდ „მეგობრულ რჩევებს“ აძლევს მთავრობას.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ერთადერთი ბერკეტი მისი სიტყვაა და დასძინა, რომ ქართულმა ოცნებამ და მთავრობის წევრებმა შეიძლება ან გაითვალისწინონ მისი რჩევები, ან არა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გავლენა იმ „ჭარბი“ საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარეობს, რომელიც მას კვლავ გააჩნია.
„მე ვფიქრობ, ყველაზე დიდ სამსახურს ამაში მიწევს ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მან.
„ეს ძალა [ნაციონალური მოძრაობა] ისევ არსებობს დღეს და ისევ ბობოქრობს… რა თქმა უნდა, ეს ფონი საზოგადოებას ჩემი დავიწყების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის კრიტიკის სამიზნეა ყველაფერზე და ნებისმიერ დროს ეხმარება მას პოპულარობის შენარჩუნებაში.
„რა თქმა უნდა, დათვურ სამსახურს უწევს საკუთარ თავს [ნაციონალური მოძრაობა]… მათი გინება და წყევლა სწორედაც რომ ლოცვად მოდის“, – განაცხადა ივანიშვილმა, „იმდენად უნიჭოები არიან, ესეც ვერ გააცნობიერეს“.
როდესაც ჟურნალისტმა შეახსენა მას, რომ ის თავადაც ბევრს საუბრობს ხოლმე ნაციონალური მოძრაობის შესახებ, ივანიშვილმა უპასუხა: „არ იმსახურებენ ასეთ ხშირ ხსენებას და არ არიან ამის ღირსნი. ეს მათ გარკვეულ პოპულარობას მატებს“.
„ჩემი გულწრფელი გრძნობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ გახლავთ ის, რომ ისინი გახდნენ ჩვენი საზოგადოების წევრები. მე არც ერთი მათგანის მტერი არ გახლავართ და არ მაქვს სურვილი არც ერთი მათგანის დაჩაგვრის, ან განადგურების, როგორც ისინი ხატავენ“, – განაცხადა მან.