Site icon Civil.ge

ენერგეტიკის მინისტრი მილანში „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი, კახა კალაძე ორშაბათს მილანში „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდა.

ეს კალაძეს და მილერს შორის უკვე მეორე შეხვედრაა ერთი თვის განმავლობაში.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოკლე განცხადებაში.

„გაზპრომის“ პრესრელიზის თანახმად,  „რუსული გაზის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით და [საქართველოსთვის რუსული გაზის] კომერციული მიწოდების საკითხები იქნა განხილული“ შეხვედრის დროს.

საქართველო ტრანზიტის საფასურის სახით 10%–ს იღებს იმ გაზის საერთო მოცულობიდან, რომლის ტრანზიტსაც რუსეთი სომხეთში ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით, რომელიც საქართველოზე გადის.

„გაზპრომის“ ხელმძღვანელთან 25 სექტემბერს ბრიუსელში გამართული წინა შეხვედრის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის „გაზპრომიდან“ დამატებითი გაზის მოწოდების საკითხი განიხილოს, თუ ეს შემოთავაზება კომერციულად ხელსაყრელი იქნება. მან და მისმა მოადგილემ ამის მიზეზად გაზის მოწოდებების დივერსიფიკაციის საჭიროება დაასახელეს.

ამ განცხადების შემდეგ მთავრობა ოპოზიციური ჯგუფების მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.

20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანას მოუწევს დამატებითი გაზის შეძენა „გაზპრომისგან“ იმ რაოდენობის გარდა, რასაც ქვეყანა უკვე იღებს რუსეთიდან სატრანზიტო საფასურის სახით, ვინაიდან აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის იმპორტის „შესაძლებლობა არ არის“.  აზერბაიჯანი  საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო წინა წლებშიც ყიდულობდა რუსული გაზის დამატებით მოცულობას გარდა იმ გაზისა, რასაც ტრანზიტის საფასურად იღებდა.

მისი თქმით, დამატებითი ბუნებრივი აირი საქართველოში გაზის მოხმარების ზრდით გამოწვეული იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს 2015 წელს, რაც 2012 წლის შემდეგ 27%–იანი ზრდა იქნება.      

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, აზერბაიჯანიდან ქვეყანამ 2014 წელს მთლიანი მოხმარების ანუ 2.17 მილიარდი კუბური მეტრის 87.1% მიიღო.

აზერბაიჯანული გაზის დაახლოებით 686 მილიონი კუბური მეტრი სამხრეთ კავკასიური მილსადენის შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომლის საშუალებითაც შაჰ–დენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში ხდება. 1.21 მილიარდი კუბური მეტრი გაზი კი აზერბაიჯანთან ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში იყო იმპორტირებული.

საქართველომ 267.7 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო რუსეთიდან 2014 წელს, საიდანაც 206.1 მილიონი ტრანზიტის საფასური იყო. ეს იმ მოცულობის 10%-ია, რომელსაც საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით რუსულ გაზს სომხეთში ატარებს. ამას გარდა, საქართველომ 2014 წელს 61.6 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი განახორციელა.

როდესაც აშშ–ის ელჩს თბილისში იან კელის „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებების და იმის შესახებ ჰკითხეს, თუ რამდენად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას დამატებითი რუსული გაზის მიღება, მან უთხრა ჟურნალისტებს 22 ოქტომბერს: „ენერგომომარაგების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა“.

„ვფიქრობ, როგორც ზოგადი პრინციპი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რომ არ ქონდეს მხოლოდ ერთი ან თუნდაც რამდენიმე მომწოდებლის იმედი. მნიშვნელოვანია მომწოდებლების დივერსიფიკაცია. მხოლოდ ეს იქნება ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ელჩმა.